ქართული ლეგიონის შედეგიანი უქმეები - ლევან შენგელიამ საბერძნეთში თავი ისევ გამოიჩინა #1TVSPORT
გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის შედეგიანი გამოდგა – ევროპაში, ამერიკასა და აზიაში მოთამაშე ფეხბურთელების ანგარიშზე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
საბერძნეთის ჩემპიონატში, „ოფი კრეტაში“, თავი გამოიჩინა ლევან შენგელიამ, რომელმაც ყოფილ კლუბთან „პანეტოლიკოსთან“ (1:2) მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა.
მიმდინარე სეზონში შენგელიამ ახალ გუნდში მეხუთე თამაში ჩაატარა და აქედან ოთხში საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა – 29 წლის შემტევის ანგარიშზე ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.
„შერიფში“ (მოლდოვა) ლადო მამუჩაშვილმა ჰეთთრიკი შეასრულა, თითო გოლი გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ („ნაპოლი“ – იტალია), ოთარ კიტეიშვილმა („შტურმი“ – ავსტრია), გიორგი წიტაიშვილმა („გრანადა“ – ესპანეთი), გიორგი ქოჩორაშვილმა („ლევანტე“ – ესპანეთი), ირაკლი ეგოიანმა („ვიტესი“ – ნიდერლანდები), დავით ვოლკოვმა („ზირა“ – აზერბაიჯანი), ელგუჯა ლობჯანიძემ („ყიზილყუმი“ – უზბეკეთი) და საბა ლობჟანიძემ („ატლანტა“ – აშშ).
საგოლე გადაცემით კი შენგელიას გარდა თავი გამოიჩინეს, ბუდუ ზივზივაძემ („კარლსრუე“ – გერმანია), ზურიკო დავითაშვილმა („სენტ-ეტიენი“ – საფრანგეთი) და გიორგი ქოჩორაშვილმა („ლევანტე“).