ქართული ლეგიონის გოლები - ხოჭოლავა ოქროს მიუახლოვდა, ლობჟანიძემ ლიდერი დაამარცხა
01:32, 12.05.2019
უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში დონეცკის „შახტარმა“ მესამეადგილოსანი „ოლექსანდრია“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონის მორიგ ტიტულს კიდევ უფრო დაუახლოვდა. ამ გამარჯვებას საფუძველი დათა ხოჭოლავამ ჩაუყარა – საქართველოს ნაკრებისა და დონეცკელთა კლუბის 25 წლის ქართველმა მცველმა მე-4 წუთზე ანგარიში გახსნა.
ყაზახეთში კი თავი გუჯა ლობჟანიძემ გამოიჩინა. მისი გუნდი „ტარაზი“ ტურის სენსაციის ავტორი გახდა და გათამაშების ლიდერი „ასტანა“ საშინაო არენაზე 2:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, ასტანელებს 76-ე წუთზე მეორე გოლი გაუტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. გამარჯვებულთა შორის ასევე სრული მატჩი ლაშა კასრაძემ ითამაშა.
გიორგი ქვილითაიამ კი ბელგიაში საგოლე გადაცემა შეასრულა. ბელგიის საჩემპიონო ჯგუფის მე-8 ტურში მისი გუნდი „გენტი“ ლიეჟში „სტანდარტს“ ესტუმრა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა, 90+4-ე წუთზე კი ჯონათან დავიდს გაატანინა.