ქართული ლეგიონი - ზივზივაძემ შეცვლაზე ითამაშა, „სლოვანმა“ გაიმარჯვა, კაკაბაძე მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩი „კარლსრუემ“ ახლო წარსულში გერმანული ფეხბურთის გრანდთან, „შალკესთან“ გამართა და 3:0 გაიმარჯვა. ბუდუ ზივზივაძე თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო. ქართველი თავდამსხმელის გუნდი 12 ქულით მე-12 ადგილზეა.
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ გასვლით მატჩში „ბოლონიასთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ არ უთამაშია. „ფროზინონე“ 12 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
სლოვაკეთის „ნაიკლიგის“ მე-11 ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ ტრნავას „სპარტაკს“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. ქართველი ფეხბურთელები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ამ მოგებით ბრატისლაველებმა 23 ქულა დააგროვეს და „ტრენჩინს“ გაუთანაბრდნენ, რომელსაც ტურის მატჩი არ ჩაუტარებია.
კარგი ამბავი მოხდა პოლონეთში. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ოთარ კაკაბაძე, რომლის როლიც საქართველოს ნაკრებში მისი არყოფნის დროს უფრო დაფასდა. 27 წლის მცველი „კრაკოვიას“ შემადგენლობაში მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა, მისმა გუნდმა კი „პუშჩასთან“ 1:1 ითამაშა.