ქართული ლეგიონი - ზარიამ და ელოშვილმა გაიტანეს, მექვაბიშვილმა ასისტი ჩაიწერა, კიტეიშვილი ჯერ ისვენებს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - ზარიამ და ელოშვილმა გაიტანეს, მექვაბიშვილმა ასისტი ჩაიწერა, კიტეიშვილი ჯერ ისვენებს #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის და ზაფხულის პაუზის შემდეგ რამდენიმე ქვეყანაში საფეხბურთო სეზონი დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელებმაც თავის გამოჩენა უკვე მოახერხა.

უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილმა მტკ-ს რიგებში სადებიუტო მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, მისმა გუნდმა კი 1:0 მოიგო.

ესტონეთის პრემიუმლიგაში „ნარვა ტრანსმა“ „ნომე იუნაიტედი“ 2:1 დაამარცხა. ზაქარია ბეგლარიშვილმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელმაც შალვა ბურჯანაძესთან ერთად შეუცვლელად ითამაშა, სერგო კუხიანიძე 61-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, ხოლო ვაჟა ნემსაძე სათადარიგოებში დარჩა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში „შახტიორმა“ საშინაო შეხვედრა „კაირათთან“ 0:3 წააგო. მასპინძელთა შემადგენლობაში იმედა აშორტია იყო (60 წუთი ითამაშა), ალმატელთა შორის კი – გადრანი და ზარია. ანგარიში 30-ე წუთზე ზარიამ თავური დარტყმით გახსნა.

ავსტრიის თასის 1/32 ფინალში „ვოლფსბერგმა“ გასვლაზე „დრასბურგი“ 7:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი სტუმართა შორის 57-ე წუთზე გამოჩნდა. ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტარვმის გამო ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმს“ გასვლაზე „კრემსერთან“ გამარჯვებაში (2:4) ვერ დაეხმარა. „კაპფენბერგის“ რიგებში კი ლევან ელოშვილი დაბრუნდა, ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გაიტანა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გურამ კაშიას „სლოვანმა“ გასვლაზე „კომარნო“ 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მხოლოდ 70-ე წუთიდან ითამაშა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩამდე არ დატვირთეს.

რუმინეთის ლიგა 1-ში ანზორ მექვაბიშვილი კრაიოვას „უნივერსიტატეას“ გასვლაზე „კლუჟთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კრაიოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა, შეცვლამდე ოთხი წუთით ადრე კი მისი საგოლე გადაცემით სტუმრებმა პირველი გოლი გაიტანეს.