ქართული ლეგიონი - ყაზახეთში თამაზ მაქაცარიამ და რატი არდაზიშვილმა გაიტანეს [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგი ტური ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა და ორი ქართული გოლიც გავიდა. პრემიერლიგის მეშვიდე ტურში ქართველების დაპირისპირებას პეტროპავლოვსკმა უმასპინძლა. „ყიზილჟარი“ „კასპიის“ დაუზავდა 1:1 და სეზონში ქულები პირველად დაკარგა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ლუკა იმნაძე და თამაზ მაქაცარია (81-ე წუთზე შეცვალეს), ხოლო „კასპიიში“ ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი ფანცულაიამ (მოედანზე 69-ე წუთამდე იყო) ითამაშეს.

ანგარიში მე-2 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გახსნა და ახალ კლუბში პირველი გოლი გაიტანა. მაგრამ მისმა გუნდმა აუტსაიდერ „კასპიისთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

ქართული გოლი გავიდა „მაქტაარალისა“ და „ჟეტისუს“ შეხვედრაშიც, რომელიც სტუმტებმა 2:1 მოიგეს. „ჟეტისუს“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს მათე ცინცაძემ და რატი არდაზიშვილმა. „ჟეტისუ“ მე-9 წუთზე არდაზიშვილმა დააწინაურა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე სეზონში მისი მეორე გოლია. რატი 33-ე წუთზე რამდენიმე მცველს გასცდა და კარის წინ თანაგუნდელს კარგი პასი მიაწოდა, მაგრამ მცველმა ბოლო მომენტში „მაქტაარალი“ გადაარჩინა.

7 ტურის შემდეგ „ყიზილჟარა“ 19 ქულით გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია, „ჟეტისუ“ 7 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო „კასპიისკიმ“ (4) ბოლო ადგილს თავი დააღწია და მე-12 ადგილზე დაწინაურდა.