ქართული ლეგიონი ყაზახეთში - მხოლოდ ლუკა გადრანის გუნდმა მოიგო #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერლიგაში, სადაც წელს ქართული ლეგიონერების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, ახალი საფეხბურთო სეზონის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ქართველების გუნდებიდან პრემიერ ლიგის ტურში წარმატებით მხოლოდ ლუკა გადრანის „აქტობემ“ ითამაშა, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ოკჟეტპესი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1. 25 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი (62-ე წუთზე) მიიღო.
ქართველების ორმა გუნდმა წარუმატებლად ითამაშა: „ჟეტისუმ“, სადაც რატი არდაზიშვილი და მათე ცინცაძე ირიცხებიან, მოქმედ ჩემპიონ „ასტანას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ცინცაძე იყო და შეუცვლელად ითამაშა, არდაზიშვილი კი მოედანზე ბოლო 10 წუთი გამოჩნდა.
მტკივნეული მარცხი განიცადა ყარაღანდის „შახტიორმა“, რომელიც საკუთარ მოედანზე „ორდაბასის“ შეხვდა და 1:4 დამარცხდა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ანტონ თოლორდავამ ითამაშა, თემურ ჩოგაძე კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ტურის შეხვედრას დღეს კახა ცხადაძის გაწვრთნილი „კასპიი“ გამართავს, სადაც ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია თამაშობენ. გუნდი საკუთარ მოედანზე „ტობოლს“ დაუპირისპირდება.