ქართული ლეგიონი - ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის პირველ ლიგაში გოლი გაიტანა და „ზლინს” „ჰრადეც კრალოვეცთან“ საშინაო მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა -2:2.

ქართველმა მარცხენა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა – მცველები ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა. 29 წლის ჭანტურიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 6 საგოლე პასია.

ირანის პროლიგაში, „პერსეპოლისში“, გამოცდილი ქართველი მცველი გიორგი გველესიანი სათადარიგოთა სკამზე იყო „სეპაჰანთან“ მატჩში, რომელშიც 0:1 დამარცხდა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში „ყარაბაღის“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა. ქართველის გუნდმა „საბაილი“ იოლად დაამარცხა – 3:0.

თურანში“ შეუცვლელად ითამაშა ფირუზ მარაქველიძემ (ყვითელი ბარათი მიიღო), მისი გუნდი „გაბალას“ დაუზავდა – 1:1.

კვიპროსის I დივიზიონის გასავარდნთა ჯგუფში „ანორთოსისმა“ პირველი მატჩი „დოქსასთან“ გამართა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა კარში შეუცვლელად იდგა გიორგი ლორია, ავთო ებრალიძე კი ჯერ კიდევ მკურნალობს და განაცხადში ვერ მოხვდა.