ქართული ლეგიონი - ვაჩიბერაძემ უკრაინაში გაიტანა, ჩოგაძემ - ყაზახეთში, ქავთარაძე პრემიერლიგაში გადავიდა #1TVSPORT
გასულ უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა – ჯამში, ჩვენმა ლეგიონერებმა ექვსი გოლი გაიტანეს და სამი საგოლე გადაცემა შეასრულეს.
ყაზახეთის I ლიგაში ბექა ქავთარაძის „იელიმაიმ“ „არისი“ 3:0 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა 67-ე წუთზე გაიტანა და მე-19 მატჩში ანგარიშზე 18 გოლი ჩაიწერა, პლუს შვიდი საგოლე გადაცემა. ქართველის გუნდი „იელიმაი“ ყაზახეთის პრემიერლიგაში პირველი ადგილით გადავიდა. მაქაცარიას „ჟენისი“ კი მესამე ადგილზეა და დაწინაურების შანსის გამოყენებას დარჩენილ ოთხ ტურში შეეცდება.
ყაზახეთის პრემიერ ლიგაში კი ანტონ თოლორდავას და თემურ ჩოგაძის „შახტიორი“ გასვლაზე „ორდაბასთან“ 3:1 დამარცხდა. ჩოგაძე მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა – თოლორდავას დისკვალიფიციის გამო არ უთამაშია.
ბექა ვაჩიბერაძე ფორმაში შედის, შეუცვლელად ითამაშა და უკრაინის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. „მეტალისტი 1925“-ის ქართველმა ნახევარმცველმა „კრივბასთან“ მატჩში ანგარიში 39-ე წუთზე გაათაბარა, მაგრამ ხარკოველები საბოლოოდ 1:3 დამარცხდნენ.
ამავე დროს, შეგახსენებთ, რომ უქმეებზე გოლები გაიტანეს „ნაპოლიში“ კვარაცხელიამ (2) და აზერბაიჯანულ „საბაჰში” დავით ვოლკოვმა, ხოლო საგოლე გადაცემები შეასრულეს ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა, პოლონეთში – ნიკა კვეკვესკირმა და ამერიკაში – საბა ლობჟანიძემ.