ქართული ლეგიონი | სიგუამ „ივერდონს“ გაუტანა - იტალიაში ქართველები დაასვენეს, პოლონეთში ნაკრების წევრებმა ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
იტალია
სერია A-ს 26-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. 19 წლის ქართველი მცველის მდგომარეობა არ შეცვლილა – გოგლიჩიძე სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
სერია B-ს 26-ე ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ შინ „პალერმოსთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს მოგების ტოლფასი ქულა იყო. კრემონელებს მე-16 წუთზე სერნიკოლა გაუძევეს და სტუმრები შესვენებამდე 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში კაცნაკლულმა „კრემონეზემ“ ანგარიში გაათანაბრა. ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია.
პოლონეთი
ექსტრაკლასაში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „პიასტ გლივიცეს“ ესტუმრა და 0:0 ითამაშა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ასეთივე ანგარიშით დასრულდა პოზნანის „ლეხისა“ და „შლიონსკის“ მატჩი. „ჯვაროსნების“ ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა „ლეხის“ შემადგენლობაში 75 წუთი ითამაშა.
შვეიცარია
სუპერლიგაში თავი გამოიჩინა გაბრიელ სიგუამ, რომლის „ბაზელმაც“ სტუმრად უშუალო კონკურენტი „ივერდონი“ 2:0 დაამარცხა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი შეცვალეს.
სიგუა მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და „ბაზელში“ მეორე მატჩი ჩაატარა. სულ მიმდინარე ჩემპიონატში გაბრიელმა 11 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა, „ივერდონის“ კარი კი ამ სეზონში მეორედ აიღო.