ქართული ლეგიონი – საუკეთესო ლობჟანიძეა
ქართული ლეგიონი – საუკეთესო ლობჟანიძეა

გასულ უქმეებზე უცხოეთში მოთამაშე ქართველების კლუბებმა ეროვნულ ჩემპიონატებში ტურის მატჩები ჩაატარეს. ჩვენ რამდენიმე საინტერესო ამბავს გამოვარჩევთ.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში, გიორგი ქვილითაია მოედანზე ვენის “რაპიდის” ფორმით ლიდერ “ზალცბურგთან” შეხვედრის 67-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:3-ს აგებდა. ქართველმა ფორვარდმა ანგარიში 2:3-მდე შეამცირა, 82-ე წუთზე კი მეტოქის კარის ბადე მეორედაც შეარხია. მაგრამ ეს გოლი არ ჩაუთვალეს. თავიდან მთავარმა არბიტრმა მარკუს ჰამეტერმა გოლი ჩათვალა, მაგრამ სტუმრებმა მისი გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მათ მეოთხე მსაჯიც დაეთანხმა, რომ სინამდვილეში ქვილითაიამ ბურთი ხელით გაიტანა და გაუუქმეს.

ჰოლანდიის ერედივიზის მე-13 ტურში არნემში „ვიტესმა“ „ადო დენ ჰააგი“ 2:0 დაამარცხა. გურამ კაშიამ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, არნემელები კი 22 ქულით ერედივიზიეში მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

პოლონეთის ექსტრაკლასაში გდინიას “არკამ” საკუთარ მოედანზე “სანდეცია ნოვი-სონჩი” მიიღო და 5:0 სძლია. ქართველი შემტევი, ლუკა ზარანდია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-15 წუთზე ბელარუს სერგეი კრივეცს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 62-ე წუთზე კი შეცვალეს. “არკამ” ამ მოგებით 17 ტურში 25 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა.

“კორონამ” მეორეადგილოსანს, პოლონური ფეხბურთის გრანდს, ვარშავის “ლეგიას” 3:2 სძლია. საქართველოს ნაკრების თავდამსმხელი ნიკა კაჭარავა კიელცელთა ძირითადში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. “კორონას” 29 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზეა.

შჩეცინის “პოგონმა” შინ “პიასტს” ვერ მოუგო 2:2. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა მცველმა ლაშა დვალმა, ხოლო მათე ცინცაძე განაცხადშიც არ იყო. “პოგონი” 10 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში “სარაგოსამ” “რეუსთან” საშინაო მატჩში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. “სარაგოსა” 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

“სევილია ბ”, სადაც ქართველი საყრდენი ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია თამაშობს, “ალკორკონს” ესტუმრა – საქარველოს ნაკრების წევრი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. “სევილიას” მხოლოდ 12 ქულა აქვს და 21-ე ადგილზეა.

ტარაგონას “ხიმანსტიკი” შინ “ლორკასთან” 0:2 დამარცხდა. ტარაგონელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ. “ხიმანსტიკს” 18 ქულა აქვს და 22 გუნდში მე-16 ადგილზეა.

გაუსაძლის ყინვაში შეუცვლელად ითამაშეს საბა კვირკველიამ (“ლოკომოტივი”) და გიორგი ნავალოვსკიმ (ხაბაროვსკის “სკა”).მოსკოვის “ლოკომოტივმა” ხაბაროვსკის სკა-ს ძლიერი ყინვის გამო მატჩის მოსკოვში ან სოჭში ჩატარება სთხოვა, მაგრამ არმიულმა კლუბმა იუარა და მატჩი ხაბაროვსკში ჩატარდა – ფეხბურთელები მოედანზე საგანგებო ყინვაგამძლე სპორტული რეიტუზებითა და მაისურებით გავიდნენ, სათადარიგო მოთამაშეებს კი გასახდელში ყოფნის უფლება მისცეს. შაბოლოოდ, მოსკოველებმა 2:1 გაიმარჯვეს და 39 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობენ.

ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა ფორმაში შედის გია გრიგალავა, რომელიც დღემდე ნიღბით თამაშობს. რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში მისი ტულას “არსენალი” “ტოსნოს” ეწვია და 2:3 წააგო. საქართველოს ნაკრების წევრმა შეუცვლელად ითამაშა და 28-ე წუთზე თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო 68-ე წუთზე – ყვითელი ბარათით. “არსენალი” 24 ქულით რუსულ ლიგაში მე-7 პოზიციას იკავებს. ამდენივე ქულა აქვს “უფას”, სადაც ჯიმი ტაბიძე თამაშობს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველის გუნდი გასვლაზე გროზნის “ახმატთან” 1:2 დამარცხდა.

„ანჟი“ „როსტოვთან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა. დაღესტნურ გუნდში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა ლიპარტაია განაცხადში ვერ მოხვდა. „ურალმა“ შინ თორნიკე ოქრიაშვილის „კრასნოდართან“ 0:1 წააგო. თორნიკე კვლავ ტრავმირებულია, გიორგი ჭანტურია კი ეკატერინბურგელთა სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ვაკო გვილია ბელარუსის ჩემპიონი გახდა. ბოლო ტურში მისი გუნდი, ბორისოვოს “ბატე” “გოროდეიას” ესტუმრა და და 3:3 დაასრულა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში არ ყოფილა და ახალი სეზონიდან კლუბს დატოვებს, რადგან კლუბში სექტემბრის შემდეგ აღარ ათამაშებენ.

ბელარუსულ გუნდებში სხვა ქართველებიც გამოდიან, მაგრამ ბოლო ტურში ოთარ ჯავაშვილს მოზირის “სლავიაში” არ უთამაშია, ხოლო გიორგი ქანთარიას – “ნემანში”. “სლავია” მე-15 ადგილზე აღმოჩნდა და უმაღლეს ჩემპიონატს დაემშვიდობა, ხოლო ქანთარიას “ნემანმა” სეზონი მე-6 ადგილით დაასრულა.

ქართველებმა ამ უქმეებზე თავი დანიაში გამოიჩინეს. თუმცა, მათი კლუბები დამარცხდნენ. სუპერლიგის მე-17 ტურში საბა ლობჟანიძის „რანდერსმა“ „სონდერისკესთან“ საშინაო შეხვედრა 0:2 დათმო. მასპინძელთა შემადგენლობაში საბამ შეუცვლელადაც ითამაშა და გუნდის წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს.

გოლით თავი დავით სხირტლაძემ გამოიჩინა. მისმა “სილკებორგმა” გათამაშების ლიდერ “ბრონდბიუს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და ანგრიში 32-ე წუთზე გახსნა. ტრავმამორჩენილი მათე ვაწაძე “სილკებორგში” 79-ე წუთზე გამოჩნდა. 90-ე წუთზე საჯარიმოში მისი წაქცევისთვის მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ უშედეგოდ – მთავარმა არბიტრმა ეს მომენტი “გაატარა”. საბოლოოდ, “სილკებორგი” 1:3 დამარცხდა.

„რანდერსმა“ 17 ტურის შემდეგ 14 ქულა დააგროვა და 14-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზეა, ხოლო ასევე 14 ქულიანი “სილკებორგი” მე-13-ზეა. მომდევნო ტურში “სილკებორგი” “რანდერსს” უმასპინძლებს.