ერთა ლიგის დაწყებამდე უცხოეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების თამაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს
უნგრეთი
უნგრეთის ჩემპიონატში თავი ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა: მე–6 ტურში მისი გუნდი „პუშკაშ აკადემია პაკსს“ ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 68–ე წუთზე შეუშვეს და 76–ე წუთზე ახალ გუნდში პირველად გაიტანა.
ბელგია
„გენტმა“ ბელგიის პირველი (უმაღლესი) დივიზიონის მეხუთე ტურში გიორგი ქვილითაიას გოლით „ლოკერენი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამხმელი მოედანს იღბლიანად დაუბრუნდა – 87-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა და პირველივე შეხებით „გენტს“ 3 ქულა მოუტანა.
კვიპროსი
ბექა მიქელთაძემ კვიპროსის ჩემპიონატის პირველივე ტურში გაიტანა. მისი გუნდი, ფამაგუსტას „ანორთოსისი“, „დოქსას“ ესტუმრა და ქართელის გოლით 1:0 დაამარცხა. მიქელთაძე მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა, თავი კი 82-ე წუთზე გამოიჩინა. „ანორთოსისში“ 87-ე წუთზე ასევე შეცვლაზე კიდევ ერთმა ქართველმა, ნიკა კაჭარავამ ითამაშა.
პოლონეთი
გიორგი მერებაშვილის პლოცკის „ვისლა“ ექსტრაკლასას მე-6 ტურის და მიმდინარე სეზონის უდიდესი სენსაციის ავტორი გახდა – პლოცკელებმა გასვლაზე პოლონეთის ყველაზე პოპულარული კლუბი, ვარშავის „ლეგია“, 4:1 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ვისლას“ ძირითად შემადგნელობაში იყო – პირველად ვარშაველთა კარი რიკარდინიომ ქართველის გადაცემით აიღო. მაგრამ 29-ე წუთზე გიორგი შეცვალეს. სამწუხაროდ, მიზეზი ტრავმაა, მაგრამ უცნობია, მერებაშვილის დაზიანება რამდენად სერიოზულია.
რუსეთი
ჯიმი ტაბიძე კვლავ „უფას“ სასტარტოში გამოჩნდა, მისი გუნდი პეტერბურგის „ზენიტთან“ 0:2 დამარცხდა.
საბა კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ მაჰაჩყალის „ანჟისთან“ შეხვედრა (2:1) შეუცვლელად ჩაატარა. „ლოკომოტივი“ 2017/18 სეზონის ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრების მცველი კი ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს. კვირკველიას პრიზი ამ თამაშის დაწყებამდე გადასცეს.
ავსტრია
გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში „ვოლფსბერგერს“ ესტუმრა და ქულა (1:1) მოიპოვა. გრაცელებმა ერთად-ერთი გოლი ოთარ კიტეიშვილის გადაცემით გაიტანეს. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული. ოქრიაშვილის და ანანიძის გაურკვეველი მდგომარეობის გამო, მისი ავსტრიაში თამაში და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ნაკრების გადასახედიდან განსაკუთრებით დამაიმედებელია.
ცალკე ლიდერებზე
ცალკე იმ ფეხბურთელებს გამოვყოფთ, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ, ვარჯიშები განაახლეს და ერთა თასის დაწყებამდე მათ ნაკრებში დაბრუნებას ველით.
ლევან მჭედლიძის „ემპოლი“ იტალიის „სერია ა“-ში „ჯენოასთან“ გასვლაზე 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და არ უთამაშია.
ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკთან“ ერთად ვარჯიში განაახლა, თუმცა იმედი, რომ გუნდს მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ დაუბრუნდებოდა, არ გამართლდა – ქართველი ნახევარმცველი მასპინძელთა განაცხადში არ იყო.