ქართული ლეგიონი | ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ფრეს დასჯერდა, ლორიას „ანორთოსისის“ ფანები ოვაციებით დახვდნენ #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეორე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევატემ“ „კადისს“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით მოგება ხელიდან გაშვა – 1:1.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვალენსიელების ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ლევანტე“ 55-ე წუთზე როჯერ ბრუგემ დააწინაურა, მაგრამ 70-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი რუბენ ალკარესმა ზუსტად შეასრულა და მატჩი 1:1 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ „ლევანტე“ 4 ქულით მე-3 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მეორე ტურში ლევან შენგელიას კრეტას ოფი-მ „ატრომიტოსთან“ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მასპინძლების განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.
იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილი 90+3-ე წუთზე გამოჩნდა „კრემონეზეს“ შემადგენლობაში „კარარეზესთან“ მოგებულ (1:0) შეხვედრაში.
„ფროსინონში“ გიორგი კვერნაძე მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, მისი გუნდი „სპეციასთან“ სტუმრად გამართულ მატჩში 1:2 დამარცხდა.
კვიპროსში ახალი სეზონი დაიწყო. გიორგი ქვილითაიას „არისმა“ გასვლაზე „კარმიოტისა“ 3:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ლიმასოლელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 59 წუთი ითამაშა.
გიორგი ლორიას არადიპუს „ომონია“ საკუთარ მოედანზე „ანორთოსისს“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა – 0:0. ლორიამ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და ორჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
ლორიამ „ანორთოსისში“ ოთხი სეზონი გაატარა, იყო გუნდის კაპიტანი და ფამაგუსტელებთან ერთად კვიპროსის თასი მოიგო. კვიპროსული მედიის ცნობით, როდესაც ქართველი მეკარე მოედანზე გასახურებლად გავიდა, „ანორთოსისის“ ფეხბურთელები და ფანები მას ოვაციებით დახვდნენ.