ქართული ლეგიონი | ნონიკაშვილმა სლოვაკეთში გაიტანა, მარგველაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | ნონიკაშვილმა სლოვაკეთში გაიტანა, მარგველაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

უკრაინის პრემიერლიგაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა და ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ.

დონეცკის „შახტარმა“ „ჟიტომირი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე სერგეი ჩობოტენკომ გაიტანა. შეხვედრაში მონაწილეობა არცერთ ქართველ ფეხბურთელს მიუღია, ირაკლი აზაროვი დონეცკელთა სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო გიორგი მაისურაძე – ჟიტომირელების.

რივნეს „ვერესი“ შინ კიევის „დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია გიორგი კუციას.​

ლატვიის „ვირსლიგის“ 26-ე ტურში თამაზ პერტიას გაწვრთნილმა „ლიეპაიამ“ შინ „ელგავას“ 3:0 სძლია. ქართველებიდან განაცხადში მხოლოდ ნიკოლოზ ჩიქოვანი იყო, მაგრამ არ უთამაშია.

აშშ-ს რანგით მეორე ლიგაში (USL) „ოკლენდ რუთის“ შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და თავის გუნდს „ლუდუნის“ დამარცხებაში დაეხმარა გაგი მარგველაშვილი – 3:1. „იბერიისა“ და ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მცველმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ლევან ნონიკაშვილმა სლოვაკეთში გაიტანა და „ზლატე მორავცეს” „პრეშოვთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2. 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავი 23-ე წუთზე გამოიჩინა.