ქართული ლეგიონი | ნონიკაშვილმა და კაკაბაძემ ასისტები შეასრულეს, გუგეშაშვილმა საბერძნეთში ისევ გაიბრწყინა #1TVSPORT
სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში გურამ კაშიას „სლოვანმა“ გასვლაზე „სპისკა ნოვა“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გადატვირთული კალენდრის გამო სუსტ მეტოქესთან დაასვენეს.
უკრაინის პრემიერლიგაში შოთა ნონიკაშვილი ზედიზედ მეშვიდედ გამოჩნდა „ჩერკასის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც გასვლაზე „კრივბასთან“ 1:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა 78-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი გიორგი მაისურაძე ჟიტომირის „პოლესიეს“ სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია კოვალივკას „კოლოსთან“ ფრედ დასრულებულ (1:1) მატჩში. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა გაგნიძე და 90 წუთი ჩაატარა.
უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილმა 85 წუთი ითამაშა მტკ-ს რიგებშიც, რომელმაც შინ „უიპეშტი“ 4:1 დაამარცხა. სტუმართა განაცხადში მოხვედრის მიუხედავად, დავით კობოურს არ უთამაშია. მტკ ამ მოგებით მესამე ადგილზე დაწინაურდა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში კი თავის გამოჩენა ოთარ კაკაბაძემ მოახერხა. ქართველმა მცველმა „კრაკოვიას“ უკაპიტნა, რომელმაც „მოტორი“ 6:2 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მცველმა 79-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დატოვა კალმანი, რომელმაც მეხუთე გოლი გაიტანა. „კრაკოვია“ 26 ქულით მესამე ადგილზეა.
იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის და დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზემ“ „სალერნიტანას“ 2:1 მოუგო და მეოთხე ადგილზეა. სამწუხაროდ, არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია.
შვედეთის ალსვენსკანში „სირიუსი“ შინ ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ჰამარბიუსთან“ 0:3 დამარცხდა. საბა მამაცაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. „სირიუსმა“ სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ევროთასებზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
შვეიცარიის სუპერლიგაში კვლავ არ გამოჩენილა გაბრიელ სიგუა, რომლის „ბაზელმაც“ გასვლაზე „ვინტერტურს“ 6:1 სძლია. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ტრავმის გამო ვეღარც „ბაზელს“ ეხმარება და ვერც – საქართველოს ნაკრებს.
ჩეხეთის ჩემპიონატში „ოლომოუცმა“ შინ ქულა მოიპოვა „იაბლონეცთან“ – 0:0. სტუმართა ფორმით ვახტანგ ჭანტურიშვილმა 90 წუთი ჩაატარა. ბოსნიის პრემიერლიგაში კი ზურაბ მუსელიანმა პირველად გაიტანა. 25 წლის ქართველი თავდამსხმელი მეორე ტაიმში გამოჩნდა „ველეჟის“ რიგებში, რომელმაც „პოსუშიეს“ წინააღმდეგობა მხოლოდ ამის შემდეგ დაძლია და 3:0 დაამარცხა. მუსელიანმა მეტოქის კარი 65-ე წუთზე ეფექტური დარტყმით აიღო.
საბერძნეთის სუპერლიგაში მორიგი შესანიშნავი მატჩი ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა „პანსერაიკოსის“ რიგებში. მისმა გუნდმა ათენის აეკ-ს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ 27-ე წუთზე ქართველის გუნდი კაცნაკლული დარჩა, ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი 1:0 დაამარცხა. გუგეშაშვილმა ხუთიდან ხუთი სახიფათო დარტყმა მოიგერია და 7.6 ქულა დაიმსახურა.