ქართული ლეგიონი | ნიკა გაგნიძე უკრაინული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და „ელჩესთან“ ფრედ, 0:0 ითამაშა. „ჯვაროსნების“ საყრდენი ნახევარმცველი ვალენსიელების ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-2 ტურში კოვალივკას „კოლოსი“ შინ „ინჰულეცს“ დაუზავდა – 0:0. კვლავ „კოლოსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა გაგნიძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.
გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისის“ შემადგენლობაში პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ ითამაშა, მატჩი ბერძნებმა 4:2 მოიგეს. კვიპროსული გამოცემების ცნობით, ქართველ თავდამსხმელს თავის გამოჩენის სამი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა.
პოლონეთის ექსტრაკლასის მე-4 ტურში „კრაკოვიამ“ კიელცეში „კორონა“ 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველმა, ოთარ კაკაბაძემ (რომელიც „კრაკოვიას“ კაპიტანია) შეხვედრა სრულად ჩაატარა. კრაკოველები შვიდი ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.
თურქეთის პირველი ლიგის სასტარტო ტურში გიორგი ბერიძე „ქოჯაელისფორის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ქართველი თავდამსხმელის გუნდმა „გენჩლერბირლიგი“ 2:1 დაამარცხა.
ხორვატიის ჩემპიონატის მეორე ტურში გიორგი გაგუას „ისტრა 1961“-მა საკუთარ მოედანზე „გორიცა“ 2:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.