ქართული ლეგიონი | მიქელთაძემ სამხრეთ კორეაში გაიტანა, დავითაშვილმა საფრანგეთში საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ წარუმატებელი მატჩების სერია შეწყვიტა და შინ „ანესი“ დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1. ქართველმა შემტევმა 62 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჟან ვიპოტნიკმა (45+1, 58) ორი გოლი გაიტანა, ერთი გოლი კი პედრო დიასის (15) ანგარიშზეა. დავითაშვილმა ვიპოტნიკს პირველი გოლი გაატანინა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დატოვა. „ბორდომ“ 14 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზე დაწინაურდა.
სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ის საჩემპიონო ჯგუფში ბექა მიქელთაძემ გაიტანა, რომლის „გვანჯუც“ გასვლაზე „დეგუს” დაუზავდა – 1:1. 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 58 წუთი ითამაშა. ბექამ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, ეს მისთვის მეორე გოლია ამ სეზონში.
„გვანჯუ“ 36 ტურის შემდეგ 58 ქულით მესამე ადგილზეა და აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს.