ქართული ლეგიონი | მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს, ქვილითაიას აპოელ-მა აეკ-ი დაამარცხა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი | მიქაუტაძე ისევ არ ათამაშეს, ქვილითაიას აპოელ-მა აეკ-ი დაამარცხა #1TVSPORT

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-11 ტურში „აიაქსმა“ „ჰეერენვენს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. სამწუხაროდ, გუნდის ახალმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა გიორგი მიქაუტაძე ამჯერადაც არ ათამაშა. „აიაქსმა“ მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა და მე-11 ადგილზე დაწინაურდა. გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს, რომლის მოგების შემთხვევაშიც ექვსეულს მიუახლოვდება.

იტალიის სერია B-ში ერთმანეთს ქართველი მცველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ ივა გელაშვილის „სპეცია“ 3:0 დაამარცხა. ლოჩოშვილი სათადარიგოებში დარჩა, გელაშვილი კი „სპეციას“ განაცხადში არ იყო. „კრემონეზე“ (18 ქულა) მე-6 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სპეცია“ (9) მე-18 ადგილზე დაქვეითდა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში პოზიციები დათმო გრაცის „შტურმმა“ რომელიც ლასკ-ს ოთარ კიტეიშვილის გარეშე ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი ტრავმირებულია. მე-13 ტურის შემდეგ „ზალცბურგი“ (29 ქულა) გალიდერდა, რომელმაც „შტურმს“ ორი ქულით გადაასწრო.

კვიპროსის სუპერლიგაში აპოელ-მა გასვლაზე ლარნაკას აეკ-ს 3:0 მოუგო. ლაშა დვალი ტრავმირებულია და არ უთამაშია, გიორგი ქვილითაიამ კი გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. მას ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ პირველად მეკარემ აჯობა, მეორედ კი მისი დარტყმული კარს ასცდა. აპოელ-ი 23 ქულით, „არისთან“ ერთად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.