ქართული ლეგიონი კვიპროსში - „აპოელი“ გალიდერდა, „ანორთოსისი“ საჩემპიონო ექვსეულში ვერ მოხვდა #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა „აპოელმა“, სადაც სამი ქართველი თამაშობს, გიორგი ლორიას და ავთო ებრალიძის „ანორთოსისი“ კი ქართველების გარეშე მხოლოდ ქულას დასჯერდა.
„აპოელი“ კვიპროსის პირველი დივიზიონის 25-ე ტურში გასვლაზე ნიქოზიას „ომონიას“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო განაცხადში არ იყო, ხოლო მურთაზ დაუშვილმა და ლაშა დვალმა შეცვლაზე ითამაშეს.
„ანორთოსისმა“ საშინაო შეხვედრა მოქმედ ჩემპიონთან, ლიმასოლის აელ-თან ფრედ 1:1 დაასრულა. ფამაგუსტელთა შემადგენლობაში არც გიორგი ლორიას უთამაშია, არც – ავთო ებრლიძეს. ორივე მათგანი ტრავმირებული იყო და მკურნალობს.
25 ტურის შემდეგ „აპოელი“ 56 ქულით გალიდერდა და „აეკს“ (54) გადაასწრო, მაგრამ ლარნაკელებს ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვთ. „ანორთოსისი“ კი 33 ქულით მერვე ადგილზეა და საჩემპიონო ექვეულში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა.