ქართული ლეგიონი - კვეკვესკირის გოლით „ლეხმა“ თამაში გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველებმა ევროპულ ლიგებში ითამაშეს, მაგრამ თავის გამოჩენა მხოლოდ ნიკა კვეკვესკირმა შეძლო.
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და მტკივნეული მარცხი განიცადა 0:2. საქართველოს ნაკრების მცველი კრემონელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
კრემონაში გამართულ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრაში მასპინძლებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, მაგრამ „ფიორენტინამ“ მანდრაგორას (27) და კაბრალის (50) გოლებით მოიგო. „კრემონეზე“ 12 ქულით ბოლო ადგილზე დაქვეითდა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 24-ე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „ვარტას“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 0:0. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი კრაკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.
ტური ყველაზე წარმატებული ნიკა კვეკვესკირისთვის გამოდგა, რომელმაც „ლეხში“ გაიტანა. პოზნანელები „პიასტს“ ესტუმრნენ და ბედზე გადარჩნენ. ანგარიშის გახსნა მასპინძლებს 63-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ზიცეკმა პენალტი გააფუჭა. თუმცა, მალე ჩრაპეკმა „ლეხი“ მაინც დააწინაურა.
პოზნანის „ლეხმა“ თამაშის გადარჩენა 90+3 წუთზე შეძლო. გოლი მასპინძლებს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა საჯარიმო მოედნის გარედან ბრწყინვალე დარტყმით გაუტანა და პოზნანელებს ქულა და მესამე ადგილი შეუნარჩუნა. სამწუხაროდ, გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში დასვეს და ამჯერადაც არ უთამაშია.