ქართული ლეგიონი - კვარაცხელია „ნაპოლის“ საგოლე პასით დაუბრუნდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა „ნაპოლიში”, რომელმაც „სასუოლო“ 2:0 დაამარცხა.
ნეაპოლელების ქართველმა ლეგიონერმა პირველივე შეხვედრაში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„სტადიო მარადონაზე“ გამართულ დაპირისპირებაში მოლოდინი არ გამართლდა – ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველი ტურის მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, რუდი გარსიამ სასტარტო თერთმეტ ფეხბურთელს შორის არ დაასახელა და სათადარიგოებში დასვა.
ნეაპოლელები პირველივე წუთებიდან უტევდნენ და სწრაფად დაწინაურდნენ. მატეო პოლიტანოს წაქცევისთვის „სასუოლოს“ კარში მე-16 წუთზე პენალტი დაინიშნა, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა უნაკლოდ შეასრულა და მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა. 52-ე წუთზე სტუმრები კაცნაკლულები დარჩნენ. მსაჯმა არასპორტული საქციელისთვის მაქსიმ ლოპესი გააძევა. მე-60 წუთზე „ნაპოლის“ უპირატესობის გაზრდა შეეძლო – გუნდმა მეორე პენალტი მოიპოვა, მაგრამ ჯაკომო რასპადორიმ ამ შანსით ვერ ისარგებლა. 61-ე წუთზე კი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელიც თამაშში შესანიშნავად ჩაერთო – სამ წუთში ქართველმა შემტევმა მეკარესთან პირისპირ ჯოვანი დი ლორენცო დატოვა და ნეაპოლელთა კაპიტანმა სხვაობა გაზარდა.
ორი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 6 ქულა დააგროვა და სერია A-ში „მილანთან“ და „ვერონასთან“ ერთად გალიდერდა. მომდევნო შეხვედრას კი „ნაპოლი“ „ლაციოსთან“ 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.