ქართული ლეგიონი - გოჩოლეიშვილი შეტევაში შედეგიანია, ალთუნაშვილმა კვლავ მაღალი შეფასება დაიმსახურა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო ალთუნაშვილმა. ქართველის გუნდი „ვოლფსბერგერი“ ვენის „აუსტრიას“ ესტუმრა, შეხვედრა 0:0 დასრულდა. 26 წლის ნახევარმცველმა 86 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება (7.0) დაიმსახურა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვეკვესკირის გუნდი, პოზნანის „ლეხი“ სტუმრად ვროცლავის „შლიონსკთან“ დამარცხდა – 1:3. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი „ლეხის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა. „ლეხი“ ოთხი ტურის შემდეგ შვიდი ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.
უკრაინის პრემიერლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტარმა“ სტუმრად „კრივბასთან“ 3:3 ითამაშა. გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+4-ე წუთზე შეცვალეს. პირველი საგოლე შეტევა გიორგიმ წამოიწყო – ბურთი საკუთარი საჯარიმოდან დიდი სისწრაფით მეტოქის ნახევრამდე მიიტანა და „შახტარმა“ ანგარიში გახსნა. ოთხი ტურის შემდეგ რვა ქულით „შახტარი“ მე-4 ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატში აპოელ-მა სტუმრად „ზაკაკიუს“ 2:0 მოუგო, ლაშა დვალმა სრულად ითამაშა, გიორგი ქვილითაია კი „გენტთან“ კონფერენს ლიგის მატჩამდე მწვრთნელმა დაასვენა.