ქართული ლეგიონი | გიორგი გველესიანმა ბოლო წუთზე გაიტანა და „პერსეპოლისს“ მოაგებინა #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ ლა ლიგა 2-ის მე-8 ტურში „მირანდესს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფლანგის მოთამაშე „გრანადას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.
იტალიის სერია B-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „კარარეზე“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი მოედანზე მე-13 წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად გამოჩნდა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში სანდრო ალთუნაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და „ვოლფსბერგის“ რიგებში 66-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე „ჰარტბერგთან“ საშინაო მატჩში, რომელიც სტუმრებმა 3:2 მოიგეს.
კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ლორიამ „არადიპუს“ უკაპიტნა „ომონია 29“-თან გასვლით მატჩში – „ჯვაროსნების“ ვეტერანი მეკარის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.
გიორგი გველესიანმა, რომელიც ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა, 90+5-ე წუთზე გოლი გაიტანა და ირანის ჩემპიონატის მე-7 ტურში „პერსეპოლისს“ „ჩადორმალუსთან“ საშინაო შეხვედრაში 1:0 მოაგებინა.