ქართული ლეგიონი ევროპაში - გუგეშაშვილი „პანსერაიკოსის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს #1TVSPORT
იტალიის სერია B-ში „კრემონეზე“ „სასუოლოს“ ესტუმრა და 4:1 სძლია. კრემონელების შემადგენლოვბაში არ იყო ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ოთხი მატჩითაა დისკვალიფიცირებული, დაჩი ლორთქიფანიძე კი სარეზერვო გუნდს დაეხმარა და განაცხადში არ იყო.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეორე ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ შინ „უესკასთან“ 1:3 დამარცხდა. გიორგიმ 72 წუთი ითამაშა.
„ლევანტე“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, 2 სექტემბერს გასვლით მატჩში „ეიბარს“ დაუპირისპირდება.
კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ლორიას არადიპუს „ომონია“ ლიმასოლში აელ-ს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 90 წუთი ითამაშა.
მათე კვირკვია 88-ე წუთზე გამოჩნდა „კარმიოტისას“ შემადგენლობაში, რომელმაც გასვლაზე „პარალიმნი“ 1:0 დაამარცხა.
ხორვატიის ჩემპიონატში გიორგი გაგუას „ისტრამ“ სტუმრად „სლავენთან“ პრინციპული მატჩი 1:0 მოიგო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.
პოლონეთის ექსტრაკლასაში „კრაკოვიას“ კაპიტანმა, ოთარ კაკაბაძემ სრულად ითამაშა „რადომიაკთან“ მატჩში, რომელშიც ქართველის გუნდი 1:2 დამარცხდა.
საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილმა ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა „პანსერაიკოსის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც „პანეტოლიკოსთან“ სტუმრად 0:3 დამარცხდა. ანგარიში, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო, რომ არა ქართველი მეკარე, რომელმაც თავისი გუნდი ოთხჯერ აშკარა გოლისგან იხსნა.
საბერძნეთის ჩემპიონატში ლევან შენგელიას ოფი „ვოლოსს“ 1-ელ სექტემბერს ესტუმრება.