ქართული ლეგიონი - აზაროვის „შახტარის“ თამაში საჰაერო იერიშის გამო შეწყდა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი კონფერენს ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში „კოპენჰაგენის“ განაცხადშიც არ ყოფილა, ახლა კი კლუბის შემადგენლობაში მოხვდა და პრინციპული მეტოქის, „ბრონდბიუს“ წინაააღმდეგ 90+2 წუთი ითამაშა.
ქართველი მცველის გუნდი პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდა და იმის მიუხედავად, რომ შესვენებამდე 10 მოთამაშით დარჩა, უპირატესობა შეინარჩუნა – „კოპენჰაგენმა“ საბოლოოდ, 3:1 გაიმარჯვა და 7 ტურის შემდეგ 14 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა.
ლუკა გადრანის და გიორგი ზარიას „კაირატი“ „ასტანასთან“ 0:1 დამარცხდა. ქართველებმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და შეუცვლელად ითამაშეს. წაგების მიუხედავად, „კაირატი“ 33 ტურის შემდეგ 32 ქულით მაინც პირველ ადგილზეა და კონკრენტებს, „აქტობეს“ და „იელიმაის“ ქულით ასწრებს.
შოთა ნონიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშა „ჩერკასში“ კიევის „დინამოსთან“ – შეხვედრა უკრაინის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 1:0 მოიგო (პენალტით), რომელიც ქართველ ნახევარმცველთან წესების დარღვევის შემდეგ დაინიშნა.
ირაკლი აზაროვი „შახტარის“ სათადარიგოებში იყო „კრივბასთან“ უკრაინის პრემიერლიგის მე-5 ტურის გასვლით შეხვედრაში. მატჩი 51-ე წუთზე შეწყდა საჰაერო იერიშის გამო, როდესაც დონბასელები 0:1-ს იგებდნენ. თამაში გადაიდო და მატჩი 2 სექტემბერს გაიმართება.