ქართული ლეგიონი - აზაროვი ლიდერია, მაგრველაშვილი კონკურენტთან დამარცხდა, გულიაშვილი ადგილს იმკვიდრებს #1TVSPORT
ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგაში მორიგი სრული შეხვედრა ჩაატარა, რომელიც მისი „პანეტოლიკოსისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერს, „პანათინაიკოსს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. 25 ტურის შემდეგ „პანეტოლიკოსი“ (28 ქულა) მე-6 ადგილზეა.
სერბეთის სუპერლიგაში ირაკლი აზაროვმა ისევ შეცვლაზე ითამაშა. საქართველოს ნაკრების მცველი „ცრვენა ზვეზდას“ განაცხადში იყო „ბაჩკა ტოპოლასთან“ გასვლით მატჩში, რომელიც ბელგრადელებმა 2:1 მოიგეს. აზაროვის გუნდი 25 ტურის შემდეგ ჩემპიონატში 69 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „პარტიზანს“ 18 ქულით ასწრებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის პირველ დივიზიონში გაგი მარგველაშვილის „შკუპი“ კონკურენტ „სტრუგას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 22 ტურის შემდეგ „სტრუგა“ (42) პირველზეა და „შკუპისთან“ (38) უპირატესობა გაზარდა.
„სარაევომ“ სარაევოს დერბიში „ჟელეზნიჩარს“ უმასპინძლა და ქულები გაინაწილა 0:0. ბოსნიის პრემიერლიგის 21-ე ტურში მასპინძელთა შორის იყო გიორგი გულიაშვილი (69-ე წუთზე შეცვალეს), რომელმაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. 21 წლის თავდამსხმელი მარჯვენა ფლანგიდან თამაშობდა და პირველ ტაიმში თანაგუნდელი მშვენიერი გადაცემით კარის წინ მარტო დატოვა, მაგრამ მან ამ შანსით ვერ ისარგებლა.
„ტუზლა“ „სლოგას“ დაუპირისპირდა და ასევე ფრედ ითამაშა 0:0. „ტუზლაში“ თებერვალში გადასული გიორგი ივანიაძე სამატჩო განაცხადში არ იყო. „სარაევო“ 29 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „ტუზლა“ (22) მე-10 პოზიციას იკავებს.