ქართული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი - ჩვენთან უკვე რვა გუნდია, რომლებიც უფრო ქმედითი, ახალი საფეხბურთო პროგრამის შემუშავებაში ჩაერთვებიან #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგის ხუთმა წარმომადგენელმა ქართული კლუბების ასოციაცია დააფუძნა, რომელსაც კიდევ სამი გუნდი შეუერთდა, ისინი კი საკლუბო პრობლემების მოგვარებაში ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები, – ამის შესახებ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.
„ქართული კლუბების ასოციაცია 2021 წლის აგვისტოში კერძო კლუბებმა დააფუძნეს – ეს კლუბებია „დინამო თბილისი“, „ლოკომოტივი“, „საბურთალო“, წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“. კიდევ სამი კლუბი შემოგვიერთდა – ბათუმის „დინამო“, ქობულეთის „შუქურა“ და „რუსთავი“ და იმედია, ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის სხვა გუნდებიც შემოგვიერთდებიან. ჩვენ უკვე შევხვდით ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და სამინისტროს წარმომადგენლებს. ჩვენი მიზანია ქართული კლუბების ინტერესების დაცვა, განვითარება და გაძლიერება და საამისოდ ისეთი გარემოს შექმნა, რომ ეროვნული ლიგის განვითარებას ხელი შეუწყოს. პირველი და აუცილებელი პირობააა, რომ არა კონფრონტაცია, არამედ აქტიური თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან და სახელმწიფოსთან. კლუბების განვითარებაზე ორიენტირებული ახალი პროექტების განხორციელება მათთან ერთად გვსურს“, – ამბობს გიორგი გაბუნია.
სპორტის სამართლის 30 წლის სპეციალისტი გიორგი გაბუნია 2016 წელს საქართველოში დაწყებული მასობრივი ფეხბურთის პროგრამის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო. საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ და ISDE-ს მიერ ორგანიზებული სპორტის მენეჯმენტის და სპორტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის 2019-2020 წლების კურსი წარმატებით დაამთავრა. 2020-2021 წლებში კი პორტუგალიაში გადავიდა, „პორტუს“ აკადემიის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა.
მისი თქმით, სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამის განხორციელებაზე მუშაობს.
„ჩვენი ამოცანა კლუბების სპორტული, სამართლებრივი და კომერციული მიმართულებით გაძლიერებაა. თითოეულ ამ პროექტზე ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას ვაპირებთ. ამავე დროს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შევხვდით და დაიმედებულები დავრჩით. სახელმწიფოს აქამდეც ჰქონდა და ახლაც აქვს სურვილი და მზაობა, რომ ფეხბურთის განვითარებას ხელი შეუწყოს და შესაბამისადაც დააფინანსოს. პროგრამა მხოლოდ 2022 წელს, დიდი ალბათობით, შემდეგშიც გაგრძელდება. სამინისტროს და ფონდის წარმომადგენლებთან შევთანხმდით, რომ კლუბებიც ჩაერთვებიან ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც 2023 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მთავარია, რომ სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამის გაგრძელების მზაობა გამოხატეს. ფეხბურთის განვითარების პროგრამამ 2016-2021 წლებში კარგად იმუშავა და შეიძლება წარმატებულად შეფასდეს. ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფუძნებამაც გაამართლა, იმუშავა და ფინანსურად გამჭვირვალედ საქმიანობდა, რაც ამ სფეროს აქამდე აკლდა. ყველა მხარის პოზიციაა, რომ პროგრამა აუცილებელია, მაგრამ ცხადია, პრიორიტეტები ნაწილობრივ გადასახედია. ახლა მთავარია, რომ ახალი პროგრამა იყოს უფრო ქმედითი და საფეხბურთო ოჯახის წინაშე არსებულ გამოწვევებს პასუხობდეს“.