ქართული „კლასიკო“ „დინამო თბილისმა“ 16 წლის სალიას გოლით მოიგო #1TVSPORT
ქართულ „კლასიკოში“ „დინამო თბილისმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და საინტერესო დაპირისპირება მინიმალური ანგარიშით მოიგო – 1:0.
„დინამო არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩში ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ, რადგან თბილისურ კლუბს რთული პერიოდი დაუდგა. თუმცა თბილისელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 33-ე წუთზე დაწინაურდნენ. გიორგი მაისურაძის ფლანგური გადაცემა 16 წლის ვახტანგ სალიამ ეფექტური თავური დარტყმით დაასრულა და „დინამო“ წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარი გაცილებით სანახაობრივი გამოდგა – ორივე გუნდი უტევდა და ბევრი რეალური საგოლე მომენტი შეიქმნა. „დინამოს“ მწვავე კონტრშეტევების შემდეგ უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ სიხარულაშვილს, სანტისსა და სალიას, ხოლო ქუთაისელთა ლეგიონერებს, პირესს, იონსენსა და ნინკოვიჩს – ანგარიშის გათანაბრება. თუმცა ორივე გუნდის მეკარეებმა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს.
სამი ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ ექვსი ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, „ტორპედო“ (3) კი მეექვსე პოზიციაზე დაქვეითდა.