ქართული გოლები ევროპაში - ბერიძემ „გენტში“ დუბლი შეასრულა [ვიდეო]
ქართული გოლები ევროპაში - ბერიძემ „გენტში“ დუბლი შეასრულა [ვიდეო]

ევროპაში საფეხბურთო კლუბებმა საზაფხულო პაუზა დაასრულეს და სეზონისთვის მზადება დაიწყეს.

გრაცის „შტურმმა“ „გლეისდორფი“ 4:0 დაამარცხა. ამ ამხანაგურ მატჩში თავი გამოიჩინა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც 82-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კლუბში ცხრანომრიანი მაისურის ნაცვლად პრესტიჟული, 10-იანი გადასცეს.

„გენტს“ ქართველები სამი გოლით დაეხმარნენ. ბელგიური გუნდი სეზონისთვის გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ემზადება, მაგრამ გუნდისთვის კვლავ ორი ქართველი უტევს – ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული გიორგი ქვილითაია და უნგრული „უიპეშტიდან“ იჯარის შემდეგ დაბრუნებული გიორგი ბერიძე.

„გენტმა“ ამხანაგურ შეხვედრაში რანგით მეხუთე ლიგის „მერელბაკეს“ ანგარიშით 6:1 სძლია. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა. ბერიძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და დუბლი შეასრულა. 22 წლის თავდამსხმელმა მეტოქის კარი 61-ე და 84-ე წუთებზე აიღო.