უნიკალური ფაქტი ქართული ფუტსალის ლიგაში - მეკარემ ლიდერთან ჰეთ-თრიქი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ლიგაში მცირე ხნის წინ დასრულდა მე-7 ტურის მატჩები, სადაც ისეთი ამბავი მოხდა, რომლის მსგავსსაც მსოფლიო ფუტსალის ისტორიაშიც კი ძნელად ნახავთ.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი „თელასი“ და პსპ შეხვდნენ. „თელასი“, რომელიც საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდია, სანაკრებო მატჩებით გადაღლილი ჩანდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მატჩის ბედი პსპ-ს მეკარე ნიკა ფხაკაძემ გადაწყვიტა, რომელმაც საკუთარი კარი შესანიშნავად დაიცვა და მეტოქის კარი კი სამჯერ აიღო! მან გაიტანა პირველი ორი გოლი, ორივე 27-ე წუთზე და რაც მთავარია, 10-წამიან ეპიზოდში. მესამედ კი მეტოქის კარი მეკარე ფხაკაძემ 34-ე წუთზე აიღო. მეკარის გარდა, გოლები გაიტანეს შალვა კაპანაძემ (30), გურამ გოგიჩაიშვილმა (34) და ლევან სარდანაშვილმა (40). „თელასიდან“ პრესტიჟის გოლი ნიკა გაბრიჩიძის (38) ანგარიშზეა – 6:1 პსპ-ს სასარგებლოდ.
ტურის დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დასრულდა:
ილიაუნი – კსუ 5:2
ბათუმის საზღვაო აკადემია – თსუ 0:3
ამ მატჩებით ფუტსალის ლიგის გათამაშების შემოდგომის ეტაპი დასრულდა. მოგებით პსპ მეორე ადგილზე დაწინაურდა და მეორეადგილოსანს, ჩემპიონ კსუ-ს ქულებით დაეწია, „თელასმა“ კი სეზონში პირველი მარცხი იწვნია, მაგრამ 18 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს.