ქართული ფინალი თბილისის გრანდ სლემზე - ბერიაშვილი სანებლიძეს შეხვდება, ღვინიაშვილი და ზაალიშვილიც ოქროსთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ფინალურ ბლოკში ცხრა ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
100კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე ქართული ფინალი გაიმართება.ოქროს მედლისთვის ერთმანეთს გიორგი ბერიაშვილი და ონისე სანებლიძე დაუპირისპირდებიან. ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ილია სულამანიძე.
90კგ-ის ფინალში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ კრისტიან ტოტს შეხვდება, გიორგი პაპინაშვილი კი მესამე ადგილის აღებას შეეცდება.
თბილისის გრანდ სლემზე გამომსვლელი ოთხი მძიმეწონოსნიდან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.ზაალიშვილი ოქროს მედლისთვის უზბეკ იუსუპოვთან იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის ერთმანეთს ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე დაუპირისპირდებიან. მესამე ადილისთვის იჭიდავებს ასევე მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე რვა მედალია – ორი ოქროს, სამი ვერცხლის და სამიც ბრინჯაოსი. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ თემურ ნოზაძე (60კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი სარდალაშვილი (60კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73კგ) მოიპოვეს.
წინასწარი შეხვედრები 12:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00-ზე გაიმართება.ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.