„სპორტ-ექსპრესის“ ჟურნალისტი იგორ რაბინერი „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლაზე ქართული ფეხბურთის რამდენიმე ლეგენდას და ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტს ესაუბრა.
ვლადიმერ გუცაევი: „დღევანდელი მწვრთნელები ძალიან მკაცრ სქემებს იცავენ, ფეხბურთელების კრეატიულობას ზღუდავენ. ჩვენს დროში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ნოდარ ახალკაცი ამას არასოდეს კრძალავდა. „ლოკომოტივში“ ხვიჩა გააკრიტიკეს, როდესაც პირველ ვარჯიშზე ბურთი გუნდის კაპიტანს, ვედრან ჩორლუკას ფეხებშუა გაუძვრინა. სულ ტყუილად უსაყვედურეს. მე ყოველთვის მხოლოდ ბურთზე და მეტოქის პოზიციაზე ვიყავი ორიენტირებული და თვით მურთაზ ხურცილავა რომ ყოფილიყო, ვერც კი დავინახავდი, რომ ის იყო. თუ ფეხებს შორის სივრცე თავისუფალია, მაშინ რატომ არ უნდა გაუძვრინო? თუ გინდა, ფეხბურთი მაღალ დონეზე ითამაშო, მაშინ არ უნდა უყურო, ვინ დგას შენს წინ – ხურცილავა, შესტერნევი, ბობი მური თუ ამჟამინდელი ტოპ მცველები. შენი საქმე კარგად უნდა აკეთო“.
მურთაზ ხურცილავა: „საქართველოში ყოველთვის იყო ტექნიკური ფეხბურთის კულტი. ხვიჩაც ტექნიკურია, მაგრამ მე არ ვიტყვი, რომ ის წარსულიდან ვინმეს მაგონებს. ორიგინალურია, როგორც ყველა ჩვენი სხვადასხვა დროის გამორჩეული ოსტატი. მაგალითად, მე არ ვიცნობ მსოფლიოში ისეთ მემარცხენე შემტევს, როგორიც მიხეილ მესხია! კვარაცხელია კი „ნაპოლში“ იმითაა განსხვავებული, რომ თუ პარტნიორს უკეთეს მდგომარეობაში ხედავს, ყოველთვის პასს აკეთებს.
„ნაპოლის“ შემადგენლობაში ხვიჩის ყველა მატჩს ვუყურებ, არ მომწონს მწვრთნელი (ლუჩანო სპალეტი), როგორ იყენებს მას. როდესაც გუნდი კარგავს ბურთს, ის აიძულებს ყველას, მათ შორის ხვიჩას, დაცვას დაეხმაროს. მგონი, არასწორია. კარისკენ ორი თავდამსხმელი უნდა დარჩეს წინ. ბურთს რომ ჩაჭრი, წინ ვის უნდა მისცე?
საქართველოს ამჟამინდელ ეროვნულ გუნდს ვუყურებ – ალბათ ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდება! და არა მარტო ხვიჩის გამო, რა თქმა უნდა, ტურნირებს ერთი მოთამაშე არ იგებს. გვყავს კარგი ფორვარდი (საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე) და მეკარე („ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი), მცველებიც ცუდად არ თამაშობენ. ასე რომ, იმედია კვარაცხელიას ვიხილავ არა მხოლოდ იტალიის ჩემპიონატში, არამედ დიდ ტურნირზე ჩვენი ნაკრების ფორმით!“
თენგიზ სულაქველიძე: „კვარაცხელია „ნაპოლიში“ კარგად თამაშობს და ყველა ბავშვს ფეხბურთელობა სურს. პანდემიამდე ჩემს აკადემიაში 150 ბავშვი სწავლობდა, ახლა უკვე 350-ია. ეს ხვიჩას და ფეხბურთის წყალობითაა. ახლა საქართველოს ნაკრები ნორმალურად თამაშობს, ცვლილებები დაეტყო. ჩვენ ნაკრებში ნიჭიერი, ხალხისთვის საყვარელი ფეხბურთელები ყოველთვის გვეყოლება!“
ოთარ გაბელია: „ბიჭი მშვენივრად თამაშობს, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ხვიჩა მორწმუნე ბიჭია, ეკლესიაში დადის. მგონი, უკვე დაოჯახებულია და ეს კარგია! ისეთი გოგოები დადიან, მოთამაშეებს რომ აგიჟებენ. ფეხბურთში კი მთავარია, არ გაჩერდე. როგორც კი ოდნავ მოდუნდები, ძალიან სწრაფად გაქრება ყველა ის აღტაცება, რაც ახლა მის მისამართით ისმის. ახლა – კარგი, გახდა იტალიის ჩემპიონი. მაგრამ როცა ის ან ოსიმენი არ არის მოედანზე, „ნაპოლი“ ცუდად გამოიყურება. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი ისე დაემთხვა, რომ „ნაპოლის“ ჩავარდნა ჰქონდა, „მილანს“ კი – აღმავლობა.
ხვიჩას დახმარებით საქართველოს ნაკრები, ბოლოს და ბოლოს, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გავიდეს. ახლა ჩვენ კარგი თაობა გვყავს, მაგრამ სამი-ოთხი მოთამაშით შორს ვერ წახვალ, მეტი კარგი ფეხბურთელია საჭირო. ცოტა ხნის წინ ერთი კარგი შანსი გვქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ (ხვიჩამ გადამწყვეტი მატჩი კოვიდის გამო ვერ ითამაშა)“.
თენგიზ პაჭკორია, სპორტული ჟურნალისტი: „რატომ არის ხვიჩა ასეთი პოპულარული? იმიტომ, რომ რომანტიკულ ფეხბურთს თამაშობს. მამამისი – ბადრი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, გახდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონი, აზერბაიჯანის ნაკრების მოთამაშე, მაგრამ მისი პოტენციალი ბოლომდე არ გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემებიც არ იყო უარესი, ვიდრე მისი შვილის. ალბათ ორწლიანმა სამხედრო სამსახურმა იმოქმედა, როცა მას არ ჰქონდა საშუალება, რეგულარულად ეთამაშა. ბადრი დიდხანს ელოდა საქართველოს ნაკრებში მიწვევას, მაგრამ ცოტა ემოციურია, ნაკრებში კი დიდი კონკურენცია იყო. შედეგად, არ დაურეკეს და ის აზერბაიჯანში გაემგზავრა, სადაც ეროვნულ ნაკრებში და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ხვიჩას ბაბუა – მამია კვარაცხელიაც ფეხბურთელი იყო. მითხრეს, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში „მაკრატელას“ ოსტატურად ასრულებდა.
ერთხელ ხვიჩამ ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ისროდა შორიდან კალათბურთის ფარში და ათიდან ცხრა ჩააგდო! ვიღაცამ იხუმრა, საქართველოს კალათბურთის ნაკრებში უნდა წაიყვანონ, რადგან სამქულიანების პრობლემები აქვთო. სწორი სტრატეგიით იმუშავა მისმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა, რომელიც კარგი ფეხბურთელი იყო. 80-90-იანი წლების ბოლოს თამაშობდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების კლუბებში, მათ შორის რუსეთში. ჯუღელი ხვიჩას მამასთან, ბადრისთან მეგობრობდა, შვილს ბავშვობიდან უყურებდა და იცოდა, როგორი ტალანტიც იყო.
როგორც ვიცი, ხვიჩა აბსოლუტურად გულგრილია ალკოჰოლის მიმართ, მაგრამ ახლანდელი წარმატება მისთვის დიდი გამოცდაა. 22 წლის ასაკში რთულია ამ გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებას აღწევს. საქართველოდან ასობით ადამიანი მიფრინავს „ნაპოლის“ ყველა მატჩზე. გასულ აგვისტოში ფლორენციაში ვიყავი, როცა „ფიორენტინამ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა (0:0). საქართველოს დროშით მოვიარე ქალაქი, ადგილობრივი გულშემატკივრები მომიახლოვდნენ და მითხრეს: „ნაპოლი არ გვიყვარს, მაგრამ ხვიჩას ვაღმერთებთ!“ და სურათის გადასაღებად მოვიდნენ“.