ქართული ფეხბურთი უცხოური მედიის ობიექტივში - ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ცხრაწლიანი რეფორმების დაგვირგვინება იყო #1TVSPORT
ქართული ფეხბურთში ცხრა წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმების დაგვირგვინება საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრა იყო – ამის შესახებ წერილს გამოცემა Breakingthelines-ი აქვეყნებს.
ფეხბურთი, ღვინო და მთები: საქართველოს არაჩვეულებრივი აღმავლობის ისტორია
ქართული ფეხბურთი მსოფლიო ასპარეზზე აქამდე შეუმჩნეველი იყო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ და, განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქციეს.
ქართული ღვინოებისგან განსხვავებით, ფართო საზოგადოება ამ ქვეყანაში ფეხბურთს ხშირად სათანადოდ არ აფასებდა. ქართული საკლუბო ფეხბურთის დაბალი დონის გამო საერთაშორისო მედიის მხრიდან საქართველოს ჩემპიონატის გაშუქება თითქმის არ ხდებოდა. ზემოთ დასახელებული მოთამაშეების გამოჩენამ, რომლებმაც ევროპულ ფეხბურთში დაიმკვიდრეს ადგილი, ფაქტობრივად, გააქარწყლა მოსაზრება ლიგაში ხარისხიანი მოთამაშეების ნაკლებობის შესახებ.
ქართული ფეხბურთის ისტორია მნიშვნელოვანი ტრიუმფებითაც დაიკვეხნის. თბილისის „დინამო“ კი საბჭოთა ფეხბურთში მნიშვნელოვანი ძალა იყო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დამაჯერებლად გამოდიოდა. გუნდმა 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო, რაც ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მიღწევად მიიჩნევა. „დინამო“ დღემდე რჩება ერთადერთ ქართულ კლუბად, რომელმაც ევროტურნირებზე გაიმარჯვა.
ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულმა ფეხბურთმა მკვეთრი რეგრესი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო ამაყობდა ისეთი გამორჩეული ტალანტებით, როგორებიც არიან შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე საქართველოს წარმატებებისთვის არასოდეს მიუღწევია. როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, პირველად დიდ ტურნირზე მონაწილეობის უფლება 2024 წელს მოიპოვა და საერთაშორისო მედიისა და საფეხბურთო საზოგადოების ყურადღებაც მიიპყრო.
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრასთან საქართველო 2020 წელსაც ახლოს იყო, მაგრამ მაშინ პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო პროექტი გააგრძელა, გარდამტეხი მომენტი კი კოსოვოსთან გამარჯვება გამოდგა – მას შემდეგ გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, ხოლო გასული წლის ნოემბერში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოიგო.
ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა – ლიგა ათგუნდიან ფორმატზე გადავიდა, რამაც გუნდებს შორის კონკურენცია გაზარდა, თუმცა პირველობის დონის ზრდას დიდად ხელი ვერც ამან შეუწყო, რადგან მოთამაშეების დიდი ნაწილი უფრო ძლიერ ლიგებში ცდილობს სათამაშოდ წავლას. ფინანსების ნაკლებობის გამო ქართული კლუბები მაღალი დონის მოთამაშეების შეძენას ვერ ახერხებენ და ჩემპიონატის დონის ვარდნას ესეც განაპირობებს.
მიხედავად ამისა, ქვეყანაში ახალგაზრდა ტალანტები მრავლად არიან, მათი უმრავლესობა „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ბოლო დროს შესამჩნევი პროგრესია რეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობის ზრდის კუთხითაც – 2015-დან 2021 წლამდე ეს რიცხვი 14,676-დან 37,600-მდე გაიზარდა. შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელები ისევ გამოჩნდებიან.
უეფა-ს დახმარებით საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც. მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა მოძველებული სტადიონები, აშენდა ახალი საწვრთნელი და საფეხბურთო ცენტრები, ეს კი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის ოპტიმალურ პირობებს უზრუნველყოფს.
ამ ცხრაწლიანი მეთოდური და სტრატეგიული ძალისხმევის დაგვირგვინება საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრაა, სადაც გუნდი F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთსა და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს. ამ რთულ შეჯიბრში შედეგების მიუხედავად, ქართული ფეხბურთის მომავალი ნამდვილად დადებითად გამოიყურება“, – წერს გამოცემა Breakingthelines-ი.