ქართული ფეხბურთი 2022 წელს - ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგა მოიგო, ფუტსალის ნაკრები ელიტაშია, ელიგაში რეკორდული დასწრება იყო, კვარაცხელია დაფასდა #1TVSPORT
ქართული ფეხბურთი 2022 წელს - ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგა მოიგო, ფუტსალის ნაკრები ელიტაშია, ელიგაში რეკორდული დასწრება იყო, კვარაცხელია დაფასდა #1TVSPORT

ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებში

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, პლეი-ოფში გავიდა და საბოლოოდ, ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა.

სარეკორდო დასწრება

რუსეთიდან დაბრუნდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, რომლებიც ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხნენ. ამან ჩემპიონატისადმი ინტერესი გაზარდა. ბათუმის სტადიონზე ბილეთები (20 ათასი) უპრობლემოდ იყიდებოდა. სტადიონი გადაივსო 23 აპრილს, „რამაზ შენგელია არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ბათუმელებთან მატჩის დროს, ხოლო 3 მაისს თბილისში ორი „დინამოს“ შეხვედრას 22 ათასი მაყურებელი დაესწრო, რაც ბოლო წლებში დასწრების რეკორდია.

შეფასების რეკორდი

ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილისა და საბა კვირკველიას დროებითი დაბრუნება ქართული გუნდების ჯამურ ფასზე აისახა – ამ პერიოდში ელიგის შეფასებამ „ტრანსფერმარკტის“ მიხედვით რეკორდულ მაჩვენებელს, 63 მილიონ ევროს მიაღწია.

გამორჩეული ტრანსფერები

ევროპის ტოპ-5 ლიგიდან ერთ-ერთში, სერია „ა“-ში ერთდროულად ორი ქართველი მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლიში“, ხოლო „კრემონეზეში“ – ლუკა ლოჩოშვილი. ამას გარდა, „დინამო თბილისის“ 17 წლის ნახევარმცველმა ლუკა პარკაძემ აგვისტოში მიუნხენის „ბაიერნთან“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს 2023 წლის ზაფხულში გრძელვადიანი კონტრაქტით შეუერთდება.

წლის აღიარება

21 წლის კვარაცხელიას წარმატებული სტარტი იტალიაში და დაფასება ჩემპიონთა ლიგაზე. ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ლამის 15-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გოლები გაიტანა, ევროპა აალაპარაკა და ჯგუფური ეტაპიდან „ნაპოლის“ პლეი ოფში მოხვედრაში დიდი როლი ითამაშა. აგვისტოში სერია „ა“-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა და მოთამაშეთა პროფესიულმა გაერთიანებამ. ამის შემდეგ „ტრანსფერმარკტმა“ კვარაცხელიას შეფასება 60 მილიონი ევროთი გაზარადა – მსგავსი შეფასება მანამდე არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ მიუღია. ასევე წლის მოვლენა იყო „ტრანსფერმარკტის“ მიერ გიორგი მამარდაშვილის შეფასების 5-დან 25 მილიონამდე გაზრდა. „ვალენსიას“ მეკარე ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მეკარე გახდა.

მეორედ მოგებული ერთა ლიგა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა. შთამბეჭდავი იყო გუნდის გამოსვლა ერთა ლიგის C დივიზიონში, სადაც საუკეთესო ნაკრების სტატუსი მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილები ევრო 2024-ის პლეი ოფში გავიდნენ და ნახევარფინალურ მატჩს შინ ყაზახეთთან გამართავენ.

მეოთხე ლიგის გუნდი თასის ფინალში

ბათუმის „დინამომ“ ქუთაისში გამართულ სუპერთასის მატჩში 20 თებერვალს პენალტების სერიაში „საბურთალო“ დაამარცხა და ტიტულის მფლობელი გახდა.

ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს თასის ფინალში 7 დეკემბერს „ლოკომოტივის“ სარეზერვო გუნდს 2:0 მოუგო და ჯილდოს ოთწლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლა.

თბილისის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონობა დაიბრუნა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბათუმის „დინამოსთან“ 9-ქულიანი ჩამორჩენა დაძლია და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტიტული დაიბრუნა.

წლის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა „ლოკომოტივის“ სარეზერვო გუნდის თასის ფინალში გასვლა იყო. რანგით მე-4 ლიგაში მოასპარეზე ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი პირველია, რომელმაც ეს მოახერხა.