ქართული ევროსეზონი დღეს იწყება - ფოთის "ჭაბონამა" რეგიონთა თასზე ითამაშებს
ქართული ევროსეზონი დღეს იწყება - ფოთის "ჭაბონამა" რეგიონთა თასზე ითამაშებს

დღეს, 5 ივნისს, ფოთის “ჭაბონამა” ევროპის სამოყვარულო საკლუბო ტურნირზე, უეფას რეგიონთა თასზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

“ჭაბონამა” საქართველოს მოყვარულთა თასის 2017 წლის გამარჯვებულია და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოყვარულთა გუნდია, რომელმაც უეფას ამ ტურნირზე გამოსვლის უფლება ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული სამოყვარულო ტურნირზე გამარჯვებით მოიპოვა.

ფოთელთა გუნდი უკვე სლოვენიაშია, სადაც ოთხთა მინი-ტურნირი გაიმართება. “ჭაბონამას” პირველი მეტოქე მასპინძელი „მარიბორია“ – მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება. მომდევნო მატჩები 8 და 11 ივნისს გაიმართება და კოლხები რუმინეთის „ბუზაუსა“ და შოტლანდიის “ცენტრალურ შოტლანდიას” დაუპირისპირდებიან.

ფოთის „ჭაბონამამ“ შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე, ლაგოდეხში გაიარა. სლოვენიაში გამგზავრებამდე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ფეხბურთელებს სათამაშო ფორმები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცეს.

ევროპის სამოყვარულო საკლუბო ჩემპიონატი, უეფას რეგიონთა თასი სამი ეტაპს მოიცავს: პირველი შესარჩევი რაუნდი სამი 4-გუნდიანი ჯგუფისაგან შედგება, შუალედური ეტაპი – რვა ჯგუფისგან, საიდანაც ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას რვა საუკეთესო გუნდი მოიპოვებს, გათამაშება კი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა თასის 2017 წლის გათამაშება მასობრიობის კუთხით ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო იყო, რადგან მასში მონაწილეობდა ქვეყნის ყველა რეგიონის 41 მუნიციპალიტეტის 294 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი და 7688 მოყვარული ფეხბურთელი. 2018 წელს ეს ციფრები კიდევ უფრო გაიზარდა.