ქართული დუეტი ფინალში ვერ გავიდა - „უიპეშტი“ ნახევარფინალში დამარცხდა #1TVSPORT
„უიპეშტი“, სადაც ქართველები თამაშობენ, უნგრეთის თასის ნახევარფინალში „პაქსს“ დაუპირისპირდა და ბოლოდროინდელი წარმატებული გამოსვლის ფონზე, მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა.
„პაქსი“ არსებობის ისტორიაში პირველად გავიდოდა ფინალში, თუ „უიპეშტი“ მეცხრამეტედ იბრძოლებდა ტიტულისთვის – ეს იყო უნგრეთის თასის ნახევარფინალის მთავარი შეკითხვა. ამ დროს ითვალისწინებდნენ ფაქტს, რომ ქართველების „უიპეშტი“ სათასო გუნდად მიიჩნევა – ბოლო რვა ფინალიდან კლუბმა გადამწყვეტ მატჩში ოთხჯერ ითამაშა, საიდანაც სამი მოიგო.
უნგრეთის თასის ნახევარფინალამდე ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონატის ტურში შეხვდნენ, სადაც ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ გაიბრწყინეს და „უიპეშტმა“ გასვლაზე 3:1 მოიგო. ქართველების გუნდმა ამჯერადაც სტუმრად ითამაშა, „ჯვაროსნების“ თავდამსხმელები კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს.
მასპინძლებმა ანგარიში 27-ე წუთზე გახსნეს – ბურთი საკუთარ კარში აბდულაე დიაბიმ ჩაჭრა. „პაქსმა“ უპირატესობა 66-ე წუთზე ვინდეკერის გოლით გაზარდა. 73-ე წუთზე კუტრუბისმა წითელი ბარათი მიიღო და „უიპეშტი“ კაცნაკლული დარჩა. 88-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში მატე საიბანმა დააფიქსირა – 3:0 „პაქსის“ სასარგებლოდ, რომელიც ფინალში „დიორ ეტოს“ და „ფერენცვაროშის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.