ქართული დუელი უნგრეთში - ბერიძემ ლაკვეხელიანის გუნდი დაამარცხა, ზივზივაძე ფრეს დასჯერდა
უნგრეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ბუდუ ზივზივაძის გუნდი, „ფეჰერვარი“ „ჰიდეკუტი არენაზე“ ბუდაპეშტის „ჰონვედს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
მატჩამდე ქართველის გუნდი უნგრეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იყო და ლიდერის, „ფერენცვაროშის“ გადასწრების შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა. ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სამი კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ ამჯერად ვერ გაიტანა, 56-ე წუთზე კი შეცვალეს. მის გუნდში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ორმა ფეხბურთელმა უცვლელად ითამაშა – ვისარ მუსლიუმ და ბობან ნიკოლოვმა.
„ფერენც სუსა არენაზე“ ერთმანეთს ქართველების გუნდები შეხვდნენ – გიორგი ბერიძის ბუდაპეშტის „უიპეშტი“ ლუკა ლაკვეხელიანის „მეზოკოვეშდს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ბერიძე 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლაკვეხელიანმა შეუცვლელად ითამაშა.
შვიდი ტურის შემდეგ „ფეჰერვარი“ (12 ქულა) მეორე ადგილზეა და ლაშა დვალის „ფერენცვაროშს“ (13 ქულა) ჩამორჩება, ბერიძის „უიპეშტი“ (10) მეხუთე პოზიციაზეა, ხოლო ლაკვეხელიანის „მეზოკოვეშდი“ (7) – მეთერთმეტეზე.
საინტერესო მატჩია დაგეგმილი შემდეგ ტურში 25 ოქტომბერს ერთმანეთს „მეზოკოვეშდი“ და „ფეჰერვარი“ დაუპირისპირდებიან – ბუდუ ზივზივაძე ლაკვეხელიანისა და თავისი ყოფილი გუნდის, „მეზოკოვეშდის“ წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.