ქართული დუელი NBA-ში - ბითაძემ 7 ქულა დააგროვა, მამუკელაშვილმა - 2 [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული დუელი NBA-ში - ბითაძემ 7 ქულა დააგროვა, მამუკელაშვილმა - 2 [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველი გულშემატკივრებისათვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან „ფელდჰაუს“ არენაზე საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელის, გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის დუელი შედგა. „ინდიანა პეისერსმსა“ „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა და ამ სეზონში მესამედ დამარცხდა 109:119.

რიკ კარლაილმა სამი მატჩის შემდეგ, ბითაძეს თამაშის საშუალება მისცა და შეიძლება ითქვას, რომ გოგას შეხვედრის პროცესში საკმაოდ დიდი როლი ჰქონდა. მას ხშირად უწევდა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ დაცვაში თამაში და შეტევაშიც დასამახსოვრებელი ეპიზოდები ჰქონდა. აღსანიშნავია ის, რომ გოგასთვის ეს NBA-ში საიბულიეო, მე-100 შეხვედრა იყო.

ბითაძემ „ბაქსის“ წინააღმდეგ 17:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 7 ქულა, 9 მოხსნა (7 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. გოგასთვის შეტევაში მოხსნების მაჩვენებელი მისი კარიერის რეკორდია. მან 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 5-დან 1 ორქულიანი, ის საჯარიმოს ხაზთან 2-ჯერ დადგა და ორივეჯერ ზუსტი იყო. გოგა მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. „პეისერსისკალათბურთელებიდან მხოლოდ ერთ მოთამაშეს, ჯერემი ლემბს (+3) ჰქონდა გოგაზე (+2) უკეთესი +/- მაჩვენებელი.

 

მამუკელაშვილმა NBA-ის  ზედიზედ მე-4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამჯერად, 9:54 წუთი ითამაშა.

მან 2 ქულისა და 3 მოხსნის (1 შეტევაში) დაგროვება მოასწრო, პერიმეტრიდან ბურთის ჩაგდება ერთხელ სცადა და უშედეგოდ, ორქულიანი კი ერთხელ ისროლა და ზუსტად. სანდროს ამ დროის განმავლობაში არც პერსონალური ფოლი აუღია და არც ბურთი დაუკარგავს.

 

რაც შეეხება შეხვედრას, პირველი სამი მეოთხედი მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი უპირატესობას ფლობდა. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე „ბაქსი“ 15 ქულის სხვაობით იგებდა. ბოლო პერიოდში „პეისერსი“ გამოფხიზლდა, რაც დიდწილად გუნდის დაცვაში კარგი თამაშით იყო გამოწვეული, ერთ მომენტში 5 ქულამდეც კი დაქაჩა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა.

მატჩში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა, 1 პასი დააკლდა. მის ანგარიშზე 30 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასია, კრის მიდლტონს 27 ქულა ჰქონდა. „პეისერსში“ კი ყველაზე შედეგიანი მალკოლმ ბროგდონი იყო 25 ქულით, ორმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა, რომელსაც 21 ქულა და 13 მოხსნა დაუგროვდა.

ინდიანა VS მილუოკი

„ინდიანა პეისერსს“ ამ სეზონში, 4 მატჩიდან 3 წაგება აქვს, „მილუოკი ბაქსს“ კი 4-დან 3 მოგება. შემდეგ შეხვედრას ორივე გუნდი 28 ოქტომბერს გამართავს. ბითაძის გუნდი „ტორონტო რეპორტსსესტუმრება, მამუკელაშვილის გუნდი კი „მინესოტა ტიმბერვულვზს“ უმასპინძლებს.