ქართული დღე უნგრეთში - ბერიძემ სამი გოლი შექმნა, ზივზივაძემ ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ბერიძემ და ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში შესანიშნავი თამაში ჩაატარეს, „უიპეშტმა“ კი გასვლაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და საგრძნობლად დაწინაურდა.
„უიპეშტი“ უნგრეთის OTP ბანკ ლიგის 27-ე ტურში გასვლაზე ესტუმრა „პაკშს“, რომელიც 2 ქულით ასწრებდა და ევროსაგზურის მოპოვების იმედი ჯერ კიდევ გააჩნია, მაგრამ გიორგი ბერიძისა და ბუდუ ზივზივაძის ბრწყინვალე თამაშმა მასპინძლებს ყველა შანსი გადაუწურა.
მასპინძლები 24-ე წუთზე პენალტით დაწინაურდნენ, მაგრამ 37-ე წუთზე ზივზივაძის გადაცემის შემდეგ ბერიძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 57-ე წუთზე მათ როლები გაცვალეს. ბერიძემ კარში დაარტყა, რომელიც მეკარემ მოიგერია, მაგრამ გიორგიმ ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, მცველს დაასწრო და კარის წინ ზივზივაძე მოძებნაა, რომელმაც სტუმრები დააწინაურა.
გადამწყვეტი გოლიც მთლიანად ბერიძის დამსახურებაა. ქართველი შემტევი მეკარესთან პირისპირ გავიდა, ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3 „უიპეშტის“ სასარგებლოდ, რომელიც 36 ქულით მეშვიდედან მეხუთე ადგილზე დაწინაურდა. ზივზივაძემ კი ამ გუნდში მეშვიდე გოლი გაიტანა, ხოლო სულ ანგარიშზე 8 გოლი დაუგროვდა.