ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ქართული კლასიკო გაიმართება – 29 აპრილს, „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისი“ ქუთაისის „ტორპედოს“ 18:00 საათზე უმასპინძლებს.
ქუთაისელები თბილისს მთავარი მწვრთნელის გარეშე ესტუმრებიან. მიხეილ აშვეთიას გადადგომის შემდეგ „ტორპედოს“ დროებითი მთავარი მწვრთნელი მისი ასისტენტი შოთა ბაბუნაშვილი გახდა, რომელმაც გუნდი ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში გაიყვანა.
მოსალოდნელი იყო, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ კახა ჩხეტიანი ჩაიბარებდა. საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს, რომ გუნდის ყოფილი მწვრთნელი მზად იყო, რომ დაბრუნებულიყო. მაგრამ კლუბის ინფორმაციით, გუნდს კვლავ ბაბუნაშვილი გაიყვანს.
„ქართულ კლასიკოში ჩვენს გუნდს, კვლავ „ტორპედო“ ქუთაისის სამწვრთნელო შტაბის წევრი შოთა ბაბუნაშვილი გაუძღვება,“ – წერია ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.
კახა ჩხეტიანი მზადაა, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდეს და გორში ბათუმელებთან შეხვედრისას გუნდს ახლდა. ის ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს შეხვდა და გუნდთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ელაპარაკა. ჩხეტიანის მიზანია, იტალიელ ინვესტორებთან ურთიერთობა მაქსიმალურად დალაგდეს, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტი ჯერ პოსტზე ოფიციალურად არ დაუნიშნავთ.