ქართულ კლასიკოში „ტორპედომ“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა - „დინამო თბილისი“ ჩემპიონის ტიტულს დაემშვიდობა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ქართული კლასიკო გაიმართა – ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 2:2.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა 39-ე წუთზე გახსნეს. სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება ირაკლი ბუღრიძემ ვერ შეძლო, მაგრამ ბურთი მისგან ლაშა შერგელაშვილს მიუგორდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით „დინამოს“ კარი აიღო.
მეორე ტაიმში გიორგი არაბიძემ გაიბრწყინა – 58-ე წუთზე მეურვეს გაექცა და საჯარიმოს სიახლოვიდან კარში ზუსტად გაისროლა, „დინამოს“ მეკარე გიორგი ლორია ბურთს კარგად ვერ ხედავდა და მოგერიება ვერ შეძლო.
თბილისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და თამაში გადაარჩინეს. მე-80 წუთზე გიორგი მაისურაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ „დინამოს“ სერბი თავდამსხმელი ზორან მარუშიჩი მცველებს გაექცა და ახლოდან ზუსტი დარტყმით გაიტანა – 2:1. 90+2-ე წუთზე კი ლუკა ლაკვეხელიანმა ანგარიში გაათანაბრეს – 2:2.
34 ტურის შემდეგ „ტორპედო“ 56 ქულით მესამე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ასწრებს გორის „დილას“ (54), რომელიც ტურის მატჩს ამ წუთებში ატარებს. „დინამო თბილისი“ კი 65 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და ჩემპიონობა ოფიციალურად დაკარგა – თბილისელები ბათუმის „დინამოს“ (75) ვეღარ დაეწევიან.