ქართულ „კლასიკოში“ ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ქართულ „კლასიკოში“ სასურველ შედეგს მხოლოდ ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მიაღწია – 2:0.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ დაპირისპირებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ კონკურენტმა „იბერიამ“ მოიგო და ოთხი ქულით გადასწრო, ხოლო გორის „დილა“ დამარცხდა და სტივ კინის გუნდს შანსი ჰქონდა, მეორე ადგილზე დაწინაურებულიყო.
ყველაზე პრინციპული ქართული მეტოქეების შეხვედრა თავიდანვე დაძაბულად დაიწყო, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნას გუნდები ვერ ახერხებდნენ. ქუთაისელები უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, თუმცა დინამოელები დაცვაში საიმედოდ თამაშობდნენ და სწრაფი კონტრშეტევებით ლამობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას.
პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში თამაში კიდევ უფრო „ჩაიკეტა“, მაგრამ ქუთაისელებმა მატჩის ბოლოს მიზანს მაინც მაიღწიეს. 81-ე წუთზე ანგარიში „ტორპედოს“ მცველმა, ნიკა სანდოხაძემ გახსნა, ხოლო 90+2-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ბიორნ იონსენმა დააფიქსირა და მიმდინარე სეზონში მეოცე გოლი გაიტანა.
30 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 60 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა („იბერიას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება), ხოლო „დინამო თბილისი“ (38) მე-5 პოზიციაზე დარჩა.