ქარიშხალმა სტადიონი დააზიანა და მიქაუტაძის „სერენის“ თამაში გადაიდო [ვიდეო] #1TVSPORT
12:57, 21.02.2022
გიორგი მიქაუტაძეს და „სერენს“ ბელგიის ჩემპიონატის 29-ე ტურში „გენტთან“ დაგეგმილი შეხვედრა გადაუტანეს – მიზეზი სტადიონზე ქარიშხლით გამოწვეული პრობლემებია, რის გამოც თამაშის მონაწილეთა და გულშემატკივრების უსაფრთხოების დაცვა ვერ ხერხდებოდა – ამის შესახებ ინფორმაცია კლუბებმა და ბელგიურმა მედიამ გაავრცელეს.
„გენტისა“ და „სერენის“ მატჩი ოთხშაბათისთვის გადაიდო. ბელგიის ჩემპიონატის მატჩი უამინდობის გამო ვერ ჩატარდა, რადგან ქარიშხალი მთელ ქვეყანაში მძვინვარებს და გენტის „გელამკო არენას“ სახურავი დააზიანა, კონსტრუქციის ნაწილი კი ავტოსადგომზე დაეცა.
„გენტის მახლობლად გაუარესებული ამინდის და იმის გამო, რომ ფეხბურთელებისა და მაყურებლების უსაფრთხოება აღარ არის გარანტირებული, ტურნირის მენეჯერმა ნილს ვან ბრანტეჰემმა გადაწყვიტა გააუქმოს თამაში „გენტსა“ და „სერენს“ შორის“, – ნათქვამია „გენტის“ განცხადებაში.
მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო, „გენტს“ არჩევანი არ ჰქონდა და მატჩი 23 თებერვლისთვის დაგეგმეს იმ პირობით, რომ ამ დროისთვის სახურავის ყველა დაზიანებული ნაწილი მოიხსნება. მომხდარით „სერენის“ ადმინისტრაცია უკმაყოფილო დარჩა, რადგან გუნდს ეს გადაწყვეტილება მაშინ აცნობეს, როდესაც თამაშზე გაემგზავრნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ შტორმი რამდენიმე დღეა ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს, დაგვიანებით გვაცნობეს, რომ გენტში დაგეგმილი შეხვედრა გადაიტანეს. „გელამკო არენას“ სახურავის ნაწილი ნამდვილად ჩამოვარდა და ასეთ პირობებში შეუძლებელია მატჩის ჩატარება. თუმცა ჩვენი კლუბისთვის ეს არის ხარჯი, რომლის აცილებაც შეიძლებოდა, რადგან ჩვენი დელეგაცია ფლანდრიაში 10:00-ზე გაემგზავრა“ – წერია „სერენის’ განცხადებაში.
28 ტურის შემდეგ „სერენი“ რთულ ვითარებაშია – გიორგი მიქაუტაძის გუნდი ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.