ბელორუსის ჩემპიონატში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ქანთარიამ კი მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა.
მისმა გუნდმა, გროდნოს „ნემანმა“, ერთ-ერთი ლიდერი, მინსკის „ენერგეტიკი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. 23 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. აღსანიშნავია, რომ „ნემანის“ ფანებმა ჩემპიონატს კორონავირუსის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს და სტადიონი, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. ექვსი ტურის შემდეგ „ნემანმა“ რვა ქულა დააგროვა და მერვე ადგილზე დაწინაურდა.
25 აპრილს ითამაშებს სოლოგირსკის „შახტიორი“, სადაც გეგა დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე ირიცხებიან. თუმცა, შინდაგორიძე ტრავმირებულია და მატჩს გამოტოვებს. სოლიგორსკელებს სერიოზული მეტოქე ეყოლებათ – გუნდი გასვლაზე მოქმედ ჩემპიონს, ბრესტის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
გლობალური კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბელარუსში გადაწყვიტეს, რომ პრემიერლიგის თამაშები არ გადაედოთ. მატჩებზე მაყურებლის დასწრება ნებადართულია.