ქალთა შორის „ზამთრის თასის“ ორი ნახევარფინალისტი გაირკვა #1TVSPORT
ქალთა შორის „ზამთრის თასის“ ორი ნახევარფინალისტი გაირკვა #1TVSPORT

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალში ქალთა შორის „ზამთრის თასის“ გათამაშება ფიანლურ ეტაპზე მივიდა და აღმოსავლეთის ზონის ნახევარფინალისტები გაირკვა.

პირველი 1/4-ფინალური შეხვედრა სოხუმის „დინამოსა“ და „კვარტალს“ შორის საინტერესო და დრამატული გამოდგა. ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე „კვარტალი“ 4:2-ს იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ლელა ჭიჭინაძემ ორი გოლის გაიტანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ძირითადი დრო 4:4 დასრულდა, დამატებულ ტაიმებში კი „დინამომ“ 6:5 გაიმარჯვა.

„სამეგრელომ“ დიდი ანგარიშით – 10:2 დაამარცხა წალკის „ეძანი“. გია კვარაცხელიას გუნდიდან ჰეთ-თრიქი შეასრულეს ელენე კახნიაშვილმა და ლიზი მწყერაშვილმა, დუბლი – მაიკო ბებიამ, თითო-თითო გოლი კი ელენე ენჯიბაძემ და მარიამ ჯანიკაშვილმა გაიტანეს. წალკელთაგან „სამეგრელოს“ კარი მარი გობაძემ და თეონა გორგაძემ აიღეს.

აღსანიშნავია, რომ ორი მატჩის შემდეგ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 2022 წლის გოლეადორის, სოხუმის „დინამოს“ მოთამაშის, ლელა ჭიჭინაძის („კვარტალთან“ პენტა-ტრიკი შეასრულა) ანგარიშზე 8 გოლია. „ზამთრის თასის“ ბომბარდირთა დავას კი 9 გოლით „სამეგრელოს“ ფეხბურთელი, მაიკო ბებია ლიდერობს.

აღმოსავლეთ ზონის 1/2-ფინალში ერთმანეთს 28 თებერვალს სოხუმის „დინამო“ და ჩხოროწყუს „სამეგრელო“ დაუპირისპირდებიან. მანამდე, 23 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში 1/2-ფინალისტები დასავლეთ ზონაშიც გამოვლინდებიან: „რაჭა 2020“ – „ბათუმს“, „ფენიქსი“ კი „მართვეს“ დაუპირისპირდება.