ქალთა საფეხბურთო ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო #1TVSPORT
ქალთა საფეხბურთო ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო – ტურის პირველი შეხვედრა საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ლანჩხუთსა და ხობში გაიმართა.

ქალთა ლიგის 2022 წლის გათამაშებაში, ისევე როგორც გასულ სეზონში, ჩემპიონობისთვის 8 გუნდი იბრძოლებს: „ლანჩხუთი“, თბილისის „ვარტალი“, ხობის „კოლხეთი“, „სამეგრელო“ (მიმდინარე სეზონიდან ამ სახელით „ნიკე“ ასპარეზობს), თბილისის „ნორჩი დინამო“, ქუთაისის „მართვე“, „გორი იუნაიტედი“ და სოხუმის „დინამო“, რომელმაც ქალთა ლიგა 2 მოიგო.

გასული სეზონის მსგავსად, ქალთა ლიგის გათამაშება ორ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან და კვლავ ორ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ზედა ოთხეულის წარმომადგენლები ჩემპიონს გამოავლენენ, ხოლო ქვედა ოთხეულში მოხვედრილი გუნდები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. ქალთა ლიგას ბოლო ადგილზე გასული გუნდი დატოვებს და მას ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული ჩაანაცვლებს.

„კვარტალი“ – „დინამო“ სოხუმი 1:2

წინა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი „კვარტალი“ სოხუმის „დინამოს“ სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში დაუპირისპირდა და დებიუტანტთან დამარცხდა. ანგარიში მე-14 წუთზე სოხუმელებმა ლელა ჭიჭინაძის გოლით გახსნეს. მან მეორე ტაიმში პენალტით დუბლი შეასრულა. „კვარტალიდან“ ერთადერთი გოლი ლიზი კანკიამ 49-ე წუთზე გაიტანა.

„სამეგრელო“ – „ნორჩი დინამო“ 5:1

სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრში „სამეგრელომ“ „ნორჩი დინამო“ დიდი ანგარიშით დაამარცხა. თამარ სალუქვაძემ ჰეთ-თრიქი (33, 37, 45) შეასრულა, მაიკო ბებიამ (52, 80) – დუბლი, „ნორჩი დინამოდან“ კი პრესტიჟის გოლი 73-ე წუთზე ელენე კახნიაშვილის ანგარიშზეა.

„ლანჩხუთი“ – „გორი იუნაიტედი“ 6:0

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ „გორი იუნაიტედი“ უშანსოდ დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს. პირველი გოლი მე-5 წუთზე გორიდან „ლანჩხუთში“ გადასულმა ეთერ სულაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა (5, 24, 74). მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ავტოგოლი 39-ე წუთზე გორელებმა გაიტანეს. მეორე ნახევარში თითოჯერ მეტოქის კარი ანა გობრონიძემ (88) და მეგი გოცირიძემ (90) აიღეს.

„კოლხეთი“ ხობი – „მართვე“ 2:1

ტურის ბოლო შეხვედრა ხობში გაიმართა, სადაც „კოლხეთმა“ ქუთაისის „მართვეს“ სძლია. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-3 წუთზე ქუთაისელები პენალტით ლანა გორგაძემ დააწინაურა და ჯერჯერობით, ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა. მასპინძლებმა, 13 წუთში ანგარიში გაათანაბრეს ვიკა კუპრეიშვილის გოლით, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლო დუბლი გაიფორმა.