ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი - სტრატეგიის მიზანია, მოთამაშე გოგონების რაოდენობა 4000 გახდეს, განვითარდეს ეროვნული ლიგა და საქართველოს ნაკრები #1TVSPORT
ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი - სტრატეგიის მიზანია, მოთამაშე გოგონების რაოდენობა 4000 გახდეს, განვითარდეს ეროვნული ლიგა და საქართველოს ნაკრები #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმრები ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ. მათ ქალთა ფეხბურთის სტრატეგიაზე ილაპარაკეს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 31-ე ყრილობაზე დამტკიცდა.

ნიკა ჯღარკავა, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი: 

„ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგიის შექმნა განაპირობა იმ დინამიკამ, რაც 2015 წლიდან გვაქვს, როდესაც ქალთა ფეხბურთის განვითარება სფფ-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდა. ამან შედეგი მოიტანა და ჩართული გოგონების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ახლა კი უეფა-სთან ერთად შევქმენით სტრატეგია, რომ კიდევ უფრო მეტი გოგონა ჩავრთოთ“.

ქეთი ყიფიანი, სფფ-ს ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი:

„ეს სტრატეგია შვიდი მიმართულებისგან შედგება და მთავარი მიზანი ჩართული გოგონების რაოდენობის გაზრდაა. ახლა 1624 ფეხბურთელია და გვინდა, რომ ეს რაოდენობა მინიმუმ 4000 გახდეს. ქალთა ფეხბურთის განვითარება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებას, გარემო უნდა იყოს უსაფრთხო და სასიამოვნო. ამიტომ, ჩვენი მოკავშირეების ჩართულობა არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალთა გუნდებში ასაკობრივი გუნდები ჩამოვაყალიბოთ. ამის ტენდენცია უკვე ჩანს და საფეხბურთო აკადემიები ბოლო დროს გოგონების ჯგუფებსაც ქმნიან. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა, კერძო ბიზნესი დავაინტერესოთ და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთი ვითარდება. ჩვენ კი გოგონებთან უნდა მივიტანოთ მესიჯი – „ახლა თქვენი დროა“. ეს სტრატეგია საბოლოოდ ხელს შეუწყობს ეროვნული ლიგისა და საქართველოს ნაკრების განვითარებას“.