ქალებმა იმედი დაკარგეს – ავღანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეები „თალიბანს“ ემალებიან #1TVSPORT
ავღანეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშეები ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, თავიანთი სიცოცხლის გამო შიშობენ. ამის შესახებ განაცხადა ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ადგილობრივი ფედერაციის ყოფილმა თანამშრომელმა ხალიდ პოპალმა, რომელიც ავღანეთიდან 2016 წელს გაიქცა და დანიაში იპოვნა თავშესაფარი.
„მე მათ მოვუწოდებ, გამოვიდნენ სოციალური ქსელებიდან, წაშალონ ფოტოები, დაემალონ მეზობლებს. ეს ყველაფერი გულს მიკლავს, რადგან მთელი ეს წლები ვმუშაობდით ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დღეს კი ავღანეთის ქალ მოსახლეობას ვეუბნები – გაჩუმდნენ და გაქრნენ. მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის.
ჩემი თაობა იმედოვნებდა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას, მომდევნო თაობის ქალებისა და მამაკაცების მდგომარეობის გაუმჯობესებას. მე ფეხბურთით დავიწყე და ვიყენებდი მას, როგორც ინსტრუმენტს ქალებისა და გოგონების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებისთვის.
ვამაყობდით ეროვნული ნაკრების მაისურის ტარებით. ეს იყო საუკეთესო და ყველაზე შესანიშნავი გრძნობა.
ახლა, ჩემი გოგონები ტირიან და მიგზავნიან ხმოვან შეტყობინებებს. ისინი აგონიაში იმყოფებიან. მათ ბევრი კითხვა დაუგროვდათ. მომხდარი მეტად უსამართლოა.
ისინი იმალებიან. ბევრმა დატოვა საკუთარი სახლი და გადავიდა ნათესავებთან, რადგან მეზობლებმა იციან, რომ ისინი ფეხბურთელები არიან. ჩუმად სხედან და ეშინიათ. „თალიბანი“ ყველგანაა. ისინი დადიან და შიშს თესავენ.
ძალიან მტკივნეული სანახავი იყო, როგორ მოახდინეს სახელმწიფოს კაპიტულაცია. ქალებმა იმედი დაკარგეს“, – მოჰყავს პოპალის სიტყვები სააგენტო AP-ს.
15 აგვისტოს, „თალიბანის“ ბოევიკებმა დაიკავეს ავღანეთის მთელი ტერიტორია და ფაქტობრივად დაიპყრეს ქვეყანაში ძალაუფლება.
1996-2001 წლებში, როცა ავღანეთი „თალიბების“ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა, გოგონებს ეკრძალებოდათ სკოლაში სიარული, ქალებს კი არ ჰქონდათ სახლის გარეთ მუშაობისა და მამაკაცების გვერდით გავლის უფლება.