ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრები ონლაინ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია, – ინფორმაციას სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ავრცელებს.

მსჯავრდებულთა პირველი ონლაინ ჩემპიონატი 13-14 ოქტომბერს ჩატარდა, რომელშიც 31 ქვეყნის მსჯავრდებულთა 43 გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატი „ჭადრაკი მშვიდობისთვის“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა.

ჩემპიონატში მონაწილე 43 ნაკრებიდან ქალთა ხუთი და არასრულწლოვანთა სამი გუნდი გახლდათ. საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა შიდა ტურნირებისა და ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები სრულად სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა დააფინანსა. პრიზიორებისთვის, ფონდს დაწესებული აქვს სპეციალური ჯილდოები.

აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს ფონდმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა – ხელშეკრულება ითვალისწინებდა პენიტენციური დაწესებულებების სპორტული ეკიპირებით მომარაგებას და ასევე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვადასხვა ტურნირსა და სპორტულ აქტივობაში მონაწილეობას.

12 ოქტომბერს კი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს, ხოლო სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება ჭადრაკის ინვენტარით აღიჭურვა.