რუსეთის რაგბის ფედერაციამ 2027 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის სურვილი გამოთქვა და თან ისე, რომ ორგანიზაციას ქვეყნის პირველი პირის – ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა აქვს. ამჟამად, უდიდესი სარაგბო ფორუმის მასპინძლობის ფავორიტად ავსტრალია ითვლება.
„მსოფლიო რაგბისადმი“ ოფიციალური განცხადებით მიმართვის პერიოდი 2021 წლის თებერვალში დაიწყება და გადაწყვეტილებას 2022 წლის მაისში გამოაცხადებენ. 2023 წელს გასამართ ტურნირს საფრანგეთი უმასპინძლებს, რომლის უმთავრესი კონკურენტი სამხრეთ აფრიკა იყო.
„24 ივლისს, რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესმა საბჭომ შექმნა კომიტეტი, რომელიც მსოფლიო თასის მასპინძლობისთვის შესაბამისი განაცხადის მომზადებაზე დაიწყებს მუშაობას,“ – ვკითხულობთ რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რელიზში.
მანამდე, რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა იგორ არტემიევმა პრესასთან თქვა, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა და მისგან მხარდაჭერა მიიღო. მისივე თქმით, ფედერაციამ ადგილობრივ სპორტის სამინისტროსთან ყველა საჭირო კონსულტაცია გაიარა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო თასზე რუსეთი „ა“ ჯგუფში ასპარეზობდა, ყველა მატჩი დათმო და ბოლო ადგილზე გავიდა.