მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო პოჩეტინო შეცვალოს.
ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, ზიდანის მიწვევა არის გეგმა „ბ“ იმ შემთხვევისთვის, თუ პოჩეტინოს პოსტიდან დაითხოვენ. არგენტინელი სპეციალისტის არამყარი პოზიციის შესახებ ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში „ლიონის“ წინააღმდეგ მწვრთნელმა ლიონელ მესი შეცვალა. მინდვრიდან გასვლის შემდეგ, ფეხბურთელმა მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა.
„პარი სენ-ჟერმენის“ მფლობელ ნასერ ალ-ჰელაიფის ძმამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჭორები მწვრთნელის სავარაუდო შეცვლის შესახებ. „ლიონთან“ მატჩის შემდეგ, მან გამოაქვეყნა პოჩეტინოს ფოტო, წარწერით: „ლონდონი ლამაზი ქალაქია. შენ ეს იცი“. რამდენიმე საათის შემდეგ, მან განათავსა ზიდანის კადრი ერთსიტყვიანი მინაწერით: „ლეგენდა“.